სემეკ-ის გადაწყვეტილებით, ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დარჩა
სემეკ-ის გადაწყვეტილებით, ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დარჩა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი რჩება.

მათივე ცნობით, ტარიფების შენარჩუნება განპირობებულია სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით.

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ი) მიერ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დარჩა. ტარიფების შენარჩუნება განპირობებულია სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით სოციალური გაზის ხელმისაწვდომობაზე და ტარიფში შემავალი კომპონენტების, მათ შორის აშშ დოლართან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობით.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საჯარო სხდომაზე აღნიშნა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში საყოფაცხოვრებო მომხმარებლები გადაიხდიან ბუნებრივი გაზის იმავე ტარიფს, რასაც აქამდე იხდიდნენ.

„დღეს ბუნებრივი გაზის კომუნალურ კომპანიებს დავუდგინეთ ტარიფები მომდევნო რეგულირების პერიოდისთვის. ევროპაში ენერგეტიკული კრიზისის ფონზე შევძელით, რომ არ გაზრდილიყო ტარიფები. ტარიფების შენარჩუნება განაპირობა სახელმწიფოს თანამონაწილეობამ სოციალური გაზის დაფინანსების ნაწილში, ასევე გავლენა იქონია ლარის კურსის სტაბილურობამ. ახალ ტარიფებში გათვალისწინებულია საინვესტიციო კომპონენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაცია და განვითარება გაგრძელდება, მოსახლეობას ბუნებრივი გაზის მიწოდების კუთხით პრობლემა არც მომდევნო წლებში შეექმნება. მოგეხსენებათ, საქართველოს გაზის მოხმარების 99 პროცენტი კმაყოფილდება აზერბაიჯანიდან მიღებული გაზით, რომლის მოწოდებაც გამყარებულია გრძელვადიანი ხელშეკრულებით. სემეკ-მა გაითვალისწინა კომპანიების მოთხოვნა ტექნიკური პერსონალისთვის ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით. კომისიას მიაჩნია, რომ ნამდვილად იმსახურებს ხელფასების მატებას პერსონალი, რომლებსაც რთულ პირობებში უწევთ მუშაობა.

მინდა, მივმართო კომპანიებს და გავაფრთხილო, რომ ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი დროული რეაგირება ავარიების სწრაფად აღმოფხვრისა და მომსახურების გაუმჯობესების კუთხით. აქვე, ვაფრთხილებ კომპანიებს, მარეგულირებელი კომისია იქნება ძალიან მკაცრი, თუ მათი მხრიდან  მომხმარებელთა უფლებები დაირღვევა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

სემეკ-ის ცნობით, ენერგეტიკულ ბაზარზე მიმდინარე რეფორმის ფარგლებში განხორციელებული სატარიფო ცვლილებების შესაბამისად, სამწლიანი რეგულირების პერიოდის ნაცვლად, ტარიფები განისაზღვრა ხუთწლიან რეგულირებად პერიოდზე – 2023 წლის პირველი იანვრიდან 2028 წლის პირველ იანვრამდე შემდეგი კომპანიებისათვის: შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“, სს „საქორგგაზი“, შპს „თელავგაზი“, შპს „დი-ვი-ესი“, შპს „ჩირაღდანი“, შპს „გამა“, შპს „გოგოჭური და კომპანია“, შპს „ენერგია +“.

როგორც სემეკ-ში აცხადებენ, 12 დეკემბრის საჯარო სხდომაზე კომისიამ ასევე იმსჯელა 2023-2027 წლებისთვის შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ტარიფზე. გადაწყვეტილების შესაბამისად, შემცირდა გაზის ტრანსპორტირების ტარიფი. კერძოდ, მოქმედი 1,895 თეთრი/მ3-ის ნაცვლად, მომდევნო წლებისთვის ტარიფი განისაზღვრა 1,583 თეთრი/მ3-ით.