ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობის საქმეზე თელავის რაიონულ სასამართლოში პროცესი გაიმართება
ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობის საქმეზე თელავის რაიონულ სასამართლოში პროცესი გაიმართება

სოფელ ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობის საქმეზე თელავის რაიონულ სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართება.

საქმეზე ბრალდებულ 85 წლის ომარ გამყრელიძის ადვოკატი დღევანდელ სასამართლო პროცესზე მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ საქმის შეწყვეტის შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს.

გილერ ენდელაძის განცხადებით, შემთხვევის ადგილას, მკვლელობის დღეს საგამოძიებო ჯგუფის მიერ ოქმის შედგენა კანონდარღვევით მოხდა, რის გამოც ის აღნიშნული ოქმის ბათილად ცნობას მოითხოვს. ადვოკატის თქმით, სწორედ აღნიშნული გარემოება წარმოადგენს მისი შუამდგომლობის საფუძველსაც.

ენდელაძე, რომელიც ამავდროულად დაკავებულის შვილიშვილის, უმცროსი ომარ გამყრელიძის ინტერესებსაც იცავს, ამბობს, რომ ექსპერტიზას დანაშაულის იარაღზე დნმ-ის კვალი და თითის ანაბეჭდები არ აღმოუჩენია. აღნიშნულის გათვალისწინებით, ადვოკატი 85 წლის ომარ გამყრელიძის შვილიშვილის უდანაშაულოდ ცნობის მოთხოვნასაც გეგმავს.

სხდომა თელავის რაიონულ სასამართლოში 12:00 საათისთვისაა ჩანიშნული.

ყანდაურაში მკვლელობა 3 მაისს მოხდა. შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 85 წლის ომარ გამყრელიძემ ცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, ავადმყოფი მეუღლე კი დაჭრა. 85 წლის მამაკაცი პოლიციამ დააკავა. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოგვიანებით, შსს-მ ამავე საქმეზე ბრალდებულ ომარ გამყრელიძის შვილიშვილი დააკავა. 

შსს-ს ინფორმაციით, სოფელ ყანდაურაში სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა, შემთხვევის ადგილიდან მხოლოდ ერთია ამოღებული.

ორი დღის წინ ომარ გამყრელიძეს ბრალი დაუზუსტდა და როგორც ადვოკატმა განმარტა, ამჟამად მას არა მკვლელობას, არამედ მკვლელობაში დახმარებას ედავებიან.