შსს - სოფელ ყანდაურაში სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა, შემთხვევის ადგილიდან ამ ეტაპზე მხოლოდ ერთია ამოღებული
შსს - სოფელ ყანდაურაში სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა, შემთხვევის ადგილიდან ამ ეტაპზე მხოლოდ ერთია ამოღებული

არსებული ინფორმაციით, სოფელ ყანდაურაში რამდენიმე დღის წინ მომხდარ მკვლელობის საქმესთან შესაძლოა, კიდევ ერთი პირის შემხებლობა გამოიკვეთოს. როგორც შსს-ში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, გამოძიების მსვლელობაში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი ინფორმაციით დადგინდა, რომ ადგილზე სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა. შემთხვევის ადგილიდან კი ამ ეტაპზე ამოღებულია მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი. ამასთან, შსს-ში აცხადებენ, რომ ოჯახის წევრების მიერ მიცემულ ჩვენებებში დაფიქსირდა, რომ დაკავებული ომარ გამყრელიძის მეორე შვილმა პირველ მაისს, ანუ ტრაგედიამდე ორი დღის ადრე ოჯახს განუცხადა, რომ რუსეთში მიემგზავრებოდა, თუმცა მას საქართველოს საზღვრის კვეთა არ უფიქსირდება.

სოფელ ყანდაურაში 3 მაისს მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე საათში, საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია, გამოძიებისთვის იმ ეტაპზე ცნობილ გარემოებებთან დაკავშირებით.

„კერძოდ, პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა სოფელ ყანდაურაში მცხოვრები ო.გ, რომელზეც მეზობლები აცხადებდნენ, რომ მან ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა – შვილს, რძალს და ორ მეზობელს, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს და მოკვლით ემუქრებოდა სხვა პირებსაც.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ინფორმაცია მეზობლებმა მოგვიანებით გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებშიც დაადასტურეს.

გამოძიების მსვლელობაში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი ინფორმაციით დადგინდა, რომ ადგილზე სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა. შემთხვევის ადგილიდან კი ამ ეტაპზე ამოღებულია მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი. ამ გარემოებამ გამოძიებას დამატებით ახალი მიმართულება მისცა, რომლის ფარგლებშიც ინტენსიურად მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

რაც შეეხება მედიაში და სოფელ ყანდაურას მოსახლეობის ნაწილში გაჩენილ კითხვებს, ო.გ.-ს მეორე შვილთან დაკავშირებით, რომ ის შესაძლოა, იყოს ამ საქმესთან შემხებლობაში, განვმარტავთ, რომ გამოძიება მუშაობს ყველა მიმართულებით.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახის წევრების მიერ მიცემულ ჩვენებებში დაფიქსირდა, რომ ო.გ.-ს – მეორე შვილმა პირველ მაისს, ანუ ტრაგედიამდე ორი დღის ადრე, განუცხადა ოჯახს, რომ რუსეთში მიემგზავრებოდა, თუმცა მას საქართველოს საზღვრის კვეთა არ უფიქსირდება. ოჯახის წევრების ჩვენებებით, ის არ გამოსულა მათთან კონტაქტზე და მათ არ აქვთ არანაირი ინფორმაცია მის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით. ამჟამად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო საგამოძიებო მოქმედებები, მისი ადგილსამყოფელის დასადგენად.

საქმეზე ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები, რომელთა დასკვნები მნიშვნელოვან ინფორმაციას მისცემს გამოძიებას, საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონით განსაზღვრულ ფარგლებში ყანდაურაში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის მაქსიმალურ ინფორმაციას“, – აცხადებენ შსს-ში.

სამართალდამცველების ინფორმაციით, სოფელ ყანდაურაში 85 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, ავადმყოფი მეუღლე კი, დაჭრა. გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დატოვე კომენტარი