ომარ გამყრელიძეს პატიმრობა შეეფარდა

პატიმრობა შეეფარდა ყანდაურაში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულ 85 წლის მამაკაცს. თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, თამარ კაპანაძემ ომარ გამყრელიძის მიმართ ხანდაზმულობის გათვალისწინებით პატიმრობაზე მსუბუქი აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ის პატიმრობაში დატოვა. სხდომას ბრალდებულიც ესწრებოდა, რომელიც აცხადებდა, რომ დაკავების შემდეგ საგარეჯოს პოლიციაში ადგილი ჰქონდა მასზე ფიზიკურ ზეწოლას. გამყრელიძე ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ შვილი, რძალი და ორი მეზობელი სხვამ მოკლა. ომარ გამყრელიძეს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შენახვა-ტარების მუხლებით გაასამართლებენ.