ყანდაურაში ხუთი ადამიანის მკვლელობის საქმეზე თელავის რაიონულ სასამართლოში არსებითი განხილვა გაიმართა
თელავის რაიონულ სასამართლოში, სოფელ ყანდაურაში ხუთი ადამიანის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა.
85 წლის ომარ გამყრელიძის და მისი შვილიშვილის ომარ ნოდარის ძე გამყრელიძის საქმის გაერთიანებულ განხილვაზე დაცვის მხარემ შუამდგომლობა დააყენა, რომ 85 წლის ომარ გამყრელიძის მიმართ საგარეჯოს პოლიციაში განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაჩქარდეს. მათივე ინფორმაციით, ამ დრომდე ომარ გამყრელიძის გამოკითხვა საკითხთან დაკავშირებით არ ჩატარებულა.
პროკურორების განმარტებით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია და მომხდარის შესწავლა მიმდინარეობს.
„გამოძიებას ახლა ნამდვილად არ აწყობს იმ ფაქტზე გამოძიების დროული ჩატარება. ამ დრომდე არც ექსპერტიზა ჩატარებულა და არც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გამოუკითხავთ“, – განაცხადა ადვოკატმა.
სასამართლო პროცესზე ომარ გამყრელიძემ იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის ბრალდებასთან დაკავშირებით განცხადებაც გააკეთა და განმარტა, რომ მას არ უნახავს იარაღი, რასაც ბრალდება ედავება.
„იმ დღისით გავრეცხე მანქანა, მე იქ არ მინახავს საბრძოლო მასალა. ეს იარაღის საქმე შეკერილია, რატომ აკეთებენ ასეთ რამეს? რატომ არ ყავს პოლიციას მოწმე, როდესაც იპოვეს ერთი ყუთი საბრძოლო იარაღი, ვინ იყო მოწმე, ვინ მოუწერა ხელი? სახლი სადაც ჩხრეკა ჩატარდა, ჩემი არ არის, ის ჩემი შვილისაა, ჩემი შვილი კოდორის ხეობაში იბრძოდა, მებრძოლი კაცია და კაპიტნის წოდება აქვს. ის სახლში რას ინახავდა მე საიდან ვიცი. მე რომ არ მეკუთვნოდა ეს ფაქტია“, – განაცხადა ბრალდებულმა.
შემდეგი სასამართლო სხდომა 22 აგვისტოს გაიმართება.
ყანდაურაში მკვლელობა 3 მაისს მოხდა. შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 85 წლის ომარ გამყრელიძემ ცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, ავადმყოფი მეუღლე კი დაჭრა. 85 წლის მამაკაცი პოლიციამ დააკავა. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოგვიანებით, შსს-მ ამავე საქმეზე ბრალდებულ ომარ გამყრელიძის შვილიშვილი დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით, სოფელ ყანდაურაში სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა, შემთხვევის ადგილიდან მხოლოდ ერთია ამოღებული.
მოგვიანებით ომარ გამყრელიძეს ბრალი დაუზუსტდა და როგორც ადვოკატმა განმარტა, ამჟამად მას არა მკვლელობას, არამედ მკვლელობაში დახმარებას ედავებიან.
სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულთა საქმეები 14 აგვისტოს გაერთიანდა.