წყლის საინფორმაციო სისტემების შემუშავებისა და შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ შეხვედრა გაიმართა
წყლის საინფორმაციო სისტემების შემუშავებისა და შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს (EEA) ინიციატივით, წყლის საინფორმაციო სისტემების შემუშავებისა და შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ შეხვედრა გაიმართა. როგორც მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია რელევანტური, სანდო და ჰარმონიზებული წყლის მონაცემების მიღება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, შევაფასოთ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და ვაწარმოოთ წყლის რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი ანალიზი. მისივე თქმით, სანდო ინფორმაციის არსებობა ხელს შეუწყობს მდგრადი და ეფექტიანი პოლიტიკის წარმოებას, საზღვაო და მტკნარი წყლის ეკოსისტემების განვითარებას და მართვას.

შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემების პრინციპების და პრაქტიკის განხორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ (ENI SEIS East II) ფარგლებში იმართება.

ოთხწლიანი პროექტი ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემების (SEIS) პრინციპების დანერგვას ითვალისწინებს და 2010-2015 წლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) განხორციელებულ აქტივობებს ეფუძნება. პროექტის მიზანია, გარემოსდაცვითი მმართველობის გაძლიერების მეშვეობით ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავება და გარემოს დაცვის მხარდაჭერა. პროექტი ბიომრავალფეროვნების, წყლის, ნიადაგის, ჰაერისა და გარემოსდაცვითი მდგომარეობის სფეროში შეფასების განვითარებას უწყობს ხელს და 2019 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

შეხვედრას ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს (EEA), ევროპის შიდა, სანაპირო და საზღვაო წყლის ექსპერტები, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, წყლის ხარისხობრივი და რაოდენობრივი ინფორმაციის მიღებასა და ანალიზზე პასუხისმგებელი ექსპერტები და ამავე უწყებების ინფორმაციული ტექნოლოგიების IT სპეციალისტები ესწრებოდნენ.

დატოვე კომენტარი