უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების მიზნით ევროკავშირის პროექტი ხორციელდება
უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების მიზნით ევროკავშირის პროექტი ხორციელდება

პარლამენტში პროექტის  – „ევროკავშირის მხარდაჭერა უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობაში“ პრეზენტაცია მიმდინარეობს.

ღონისძიებაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი მონაწილეობენ.

პროექტის მიზანია პარლამენტის მხარდაჭერა ზედამხედველობის გაძლიერების მიმართულებით, რათა საკანონმდებლო ორგანომ ეფექტიანად განახორციელოს თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს (მათ შორის პოლიციის) და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ზედამხედველობა.

პროექტი პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის ტრენინგების ჩატარებას, პარლამენტის წევრებისთვის სამუშაო შეხვედრებს, სასწავლო ვიზიტებს და სხვა ღონისძიებებს მოიცავს.

პროექტი თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტებთან თანამშრომლობით ხორციელდება.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, რაც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მდგრად პროგრესზე დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის კუთხით. აღნიშნული ამოცანების მიღწევის პროცესში კი, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმების გაძლიერება.

პროექტის ფარგლებში, პარლამენტის წევრების და აპარატის თანამშრომლებისთვის ერთკვირიანი სამუშაო შეხვედრები და ტრენინგები გაიმართება.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი 2017 წლის ოქტომბერში დაიწყო და 18 თვე გრძელდება.