ირაკლი კობახიძე - პარლამენტს ახლა უკეთესი რესურსები აქვს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე ზედამხედველობა განახორციელოს
ირაკლი კობახიძე - პარლამენტს ახლა უკეთესი რესურსები აქვს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე ზედამხედველობა განახორციელოს

საკანონმდებლო ორგანო დღევანდელ კონსტიტუციურ სისტემაში ცენტრალური რგოლია, შესაბამისად, პარლამენტის ქმედითობაზე დიდწილად დამოკიდებულია, თუ რამდენად ქმედითი იქნება საქართველოში დემოკრატიული სისტემა – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოს ორი ძირითადი ფუნქცია აქვს – კანონშემოქმედება და ზედამხედველობა.

„თვისობრივი გაძლიერება გვჭირდება როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გვაქვს. საქმე ეხება პროექტს, რომელიც დაკავშირებულია პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების განვითარებასა და გაძლიერებასთან. ეს განსაკუთრებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში უნდა გაკეთდეს. ეს პარლამენტისთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია.

არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმის თაობაზე, რომ პარლამენტი თვისობრივ პოლიტიკურ და ინსტიტუციურ გაძლიერებას საჭიროებს. ამისთვის კონკრეტული ნაბიჯები და გეგმებია. საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია მივიღეთ, რომლითაც შესაბამისი მექანიზმები გაძლიერდა. პარლამენტს ახლა უკეთესი რესურსები აქვს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე ზედამხედველობა განახორციელოს. შესაბამისად, ეს შესაძლებლობა სათანადოდ უნდა გამოვიყენოთ”, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ გამოსვლისას პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცვლილებებით, საზედამხედველო ფუნქციები და შესაბამისი ინსტრუმენტები უნდა დაკონკრეტდეს.

„ამ ყველაფერში ძალიან მყარი თანადგომა გვჭირდება განსაკუთრებით, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების. ევროკავშირის პროექტით, ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი იქნება შეტანილი. პარლამენტი ჩვენს დღევანდელ კონსტიტუციურ სისტემაში ცენტრალური რგოლია. შესაბამისად, პარლამენტის ქმედითობაზე დიდწილად დამოკიდებულია ის, თუ რამდენად ქმედითი იქნება დემოკრატიული სისტემა საქართველოში.

შესაბამისად, პარლამენტი საჭიროებს განსაკუთრებულ თანადგომასა და მხარდაჭერას. პარლამენტის გაძლიერება ნიშნავს ქართული დემოკრატიის გაძლიერებას და ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან აქტიურად ვითანამშრომლებთ როგორც ევროკავშირთან, ასევე ყველა სხვა პარტნიორთან, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში დემოკრატიული პროცესების სათანადოდ წარმართვით”, – აღნიშნა კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტში ევროკავშირის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა გახსნეს. პრეზენტაციაზე ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების მიზნით დაგეგმილ აქტივობებზე.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი 2017 წლის ოქტომბერში დაიწყო და 18 თვე გრძელდება. პროექტი ექვსი კომპონენტისგან შედეგება და მიზნად ისახავს პარლამენტის მხარდაჭერას ზედამხედველობის გაძლიერებაში, რათა საკანონმდებლო ორგანომ ეფექტიანად განახორციელოს თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ზედამხედველობა.

პროექტის აქტივობები მოიცავს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის ტრენინგების გამართვას, დეპუტატებთან სამუშაო შეხვედრებსა და სასწავლო ვიზიტებს.