წყალტუბოს საკარანტინო ზონაში პოლიციის დახმარებით მოათავსეს მოქალაქე, რომელმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვია
წყალტუბოს საკარანტინო ზონაში პოლიციის დახმარებით მოათავსეს მოქალაქე, რომელმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვია

წყალტუბოში მდებარე საკარანტინო ზონაში ამ დროისთვის იტალიიდან დაბრუნებული 87 ადამიანი რჩება.

ხუთი პირი კარანტინის ზონიდან გუშინ, გვიან ღამით გაიყვანეს.

აქედან ორი ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემით სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, კიდევ ორი მოქალაქე, დედა-შვილი თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეხუთე პირი სხეულის მაღალი ტემპერატურით ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში შეიყვანეს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის თქმით, კარანტინის ზონაში გუშინ, იძულების წესით მოათავსეს მოქალაქე, რომელიც თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო, თუმცა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს, რომ ის იზოლაციის წესებს არღვევდა.

მისივე განმარტებით, საქმეში პოლიციის ჩართვა გახდა საჭირო.

გიორგიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის კარანტინის ზონაში დარჩენილი 87 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.