წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის შემუშავებაზე ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის შემუშავებაზე ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებული შპს „ბაუ დიზაინი“ გახდა. საუკეთესო წინადადების მქონე კომპანია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი სისტემის მიერ დადგენილ პრეტენდენტებს შორის საკონკურსო კომისიამ გამოავლინა.
უწყების ცნობით, კონკურსში სულ სამი კომპანია მონაწილეობდა: შპს „ბაუდიზაინი“, შპს „არტსტუდიო-პროექტი“ და შპს „დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი „გეოგრაფიკი“.
წყალტუბოში კურორტის გენგეგმის კონცეფციის საკონკურსო წინადადებების საჯარო პრეზენტაცია დაახლოებით ერთი თვის წინ გაიმართა.
,,ბაუ დიზაინის“ ეგიდით წარმოდგენილი გუნდი შედგება მაღალკვალიფიციური უცხოელი და ქართველი სპეციალისტებისგან. საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელი იქნება იტალიელი არქიტექტორი და ქალაქმგეგმარებელი მარკო არდიელი. იგი სპეციალიზირებულია ურბანულ დაგეგმვასა და ქალაქგეგმარებაში, ისტორიული ქალაქების ტურისტული ინდუსტრიის სფეროში, არის ურბანული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (INU) და იტალიის არქიტექტორთა ასოციაციის წევრი. აქვს განხორციელებული მნიშვნელოვანი ქალაქთმშენებლობითი პროექტები. საპროექტო ჯგუფის კონსულტანტად მოწვეულია არქიტექტორი და კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტი ფერუჩიო ტაზინატო. ქალაქგეგმარებითი მიმართულებით იმუშავებენ მიშა ბალიაშვილი და შპს ,,ბაუ დიზაინის“ სპეციალისტები, ეკონომიკური ჯგუფის ხელმძღვანელი იქნება ფრედერიკ ლე ფიშუ, ეკონომიკური ჯგუფის კონსულტანტი – დევიდ ნათი, ეკონომიკურ ნაწილს წარმოადგენს – ვერიტას ბრაუნ კაუკასუსი/კუშმან ვაგეფილდი, გარემოს ნაწილს – გარემოსდაცვითი სამართლისა და აუდიტის ცენტრი, ტურიზმის ნაწილს – საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია.
ქალაქ წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის შემუშავება ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის ვადაში უნდა განხორციელდეს. გენგეგმით უნდა განისაზღვროს ის აუცილებელი ღონისძიებები, რაც კურორტს შეუნარჩუნებს უნიკალურ ფუნქციურ-გეგმარებით სტრუქტურას და ქალაქს ქაოტური, უმართავი განაშენიანებისგან დაიცავს.