წყალტუბოს გამგებლის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გრიგოლ ივანეიშვილი ბრალს არ აღიარებს
წყალტუბოს გამგებლის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გრიგოლ ივანეიშვილი ბრალს არ აღიარებს

წყალტუბოს გამგებელი გრიგოლ ივანეიშვილი ქრთამის აღების ბრალს არ აღიარებს, – ამის შესახებ პირველ არხს მისმა მეუღლემ, როზა ჩიხლაძემ განუცხადა.

ბრალდებულის ოჯახის წევრის თქმით, გრიგოლ ივანეიშვილის დაკავება გარკვეულ პირებს აწყობდათ.

„ერთადერთი ადამიანი, რომელიც ქალაქზე ზრუნავდა და უნდოდა დაეტყო თავისი ხელი გრიგოლ ივანეიშვილია. ის არ არის პიროვნება, რომელსაც ქრთამი სჭირდებოდა. ის მხოლოდ ქალაქისთვის ზრუნავდა. გრიგოლ ივანეიშვილი ბრალს არ აღიარებს. აუქციონზე სამჯერ გატანილი შენობის მყიდველი, რომ არავინ გამოჩნდა და არავის უნდოდა, შემდეგ გაიტანეს მეოთხეჯერ. ამის მიზანი იყო, რომ ინვესტორი გამოჩენილიყო და ქალაქის ბიუჯეტში თანხა შესულიყო. წყალტუბო ტურისტული ზონაა, პარკი მაინც მოვაწესრიგოთ, რომ ხალხი რომ ჩამოდის ამ გზაზე დადისო, – ამისთვის იბრძოდა მხოლოდ. რომელ ქრთამზე და გარიგებაზეა საუბარი, მაგრამ ალბათ ახლა ასე აწყობთ ვიღაცებს“, – განაცხადა როზა ჩიხლაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი გუშინ დააკავეს.