წყალქვეშ გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ დნება „აპოკალიფსის მყინვარი“ ქვეშიდან — #1tvმეცნიერება
13:45, 17.02.2023
ახალი კადრები აჩვენებს, რომ ანტარქტიდის ტუეიტსის მყინვარი ზომაში ქვემოდანაც მცირდება, თანაც ისე, როგორც მეცნიერები სულ არ ელოდნენ — დნობა სწრაფად მიმდინარეობს მის ძირში არსებული ბზარებისა და ნაპრალების გასწვრივ.
მიუხედავად იმისა, რომ ყინულის დნობა უფრო ნელია, ვიდრე სხვა მონაკვეთებში იყო პროგნოზირებული, 130 კილომეტრის სიგანის მყინვარის სრულად გადნობის შემთხვევაში, ზღვის დონე მთელ პლანეტაზე 65 სანტიმეტრით აიწევს. სწორედ ამიტომ უწოდეს მას ზედმეტსახელად „აპოკალიფსის მყინვარი“.
წერტილმა, სადაც მყინვარი ოკეანეს და ზღვის ფსკერს ხვდება (ე. წ. დამიწების ხაზი), 1990-იანი წლების შემდეგ უკვე 14 კილომეტრით დაიხია უკან, რეგიონიდან გადინებული ყინულის რაოდენობა კი თითქმის გაორმაგდა.
თუმცა, ამ დრომდე სრულად არ იყო გარკვეული, ზუსტად როგორ ხდება დნობა დამიწების ხაზთან.
დისტანციური ზონდირებისა და რობოტით წყალქვეშ გადაღებული კადრების წყალობით, ამერიკელ და ბრიტანელ მკვლევართა ჯგუფი ისტორიაში პირველად დააკვირდა ამ პროცესს ტუეიტსის მყინვარის ქვეშ.
ვიდეო, რომელსაც ქვემოთ ხედავთ, ისეთივე მომნუსხველია, როგორიც შემაშფოთებელი.
შენიშნეს, რომ მყინვარის ქვეშ ბრტყელი ტოპოგრაფია მოსალოდნელზე ნელა დნება, რასაც განაპირობებს მტკნარი წყლის ფენა შელფური მყინვარის ფსკერსა და ქვეშ არსებულ თბილ ოკეანეს შორის.
კიდევ უფრო გასაკვირი კი ის არის, რომ შელფური მყინვარის საძირკველში თბილ წყალს წარმოქმნილი აქვს ტერასის მსგავსი სტრუქტურები. ამ ზონებში, ისევე როგორც ნაპრალებში, დნობა მოსალოდნელზე სწრაფად მიმდინარეობს.
ვიდეო, რომელსაც ხედავთ, რობოტულმა აპარატმა Icefin-მა ნაბურღ ხვრელში 600 მეტრის სიღრმეზე ჩაშვებისას გადაიღო. ეს ხვრელი ტუეიტსის მყინვარის დამიწების ხაზიდან დაახლოებით ორ კილომეტრში მდებარეობს და ყინულში 2019 წელს გაბურღეს.
მულტიდისციპლინური კვლევის შედეგები ჟურნალ Nature-ში ორპუბლიკაციად გამოქვეყნდა.
„მყინვარზე დაკვირვების ეს ახალი გზა საშუალებას გვაძლევს გავიგოთ არა მხოლოდ ის, თუ რა მაჩვენებლით დნება, არამედ ისიც, სად და როგორ ხდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ანტარქტიდის ამ თბილი ნაწილებისთვის“, — ამბობს ერთ-ერთი კვლევის ავტორი, კორნელის უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერი ბრიტნი შმიდტი.
მისი განცხადებით, თბილი წყალი მყინვარის ყველაზე სუსტ ნაწილებში ხვდება და მას კიდევ უფრო აუარესებს, რაც ძლიერ სახიფათოა.
კადრებში ჩანს ტუეიტსის მყინვარის დამიწების ხაზი და როგორ იხევს ის უკან, როდესაც ოკეანის თბილი წყალი ყინულს ადნობს. მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ რაც უფრო მეტს გავიგებთ „აპოკალიფსის მყინვარის“ დნობის შესახებ, მით უკეთესად შევძლებთ კლიმატის ცვლილებისა და მის შედეგად აწეული ზღვის დონის გავლენების შემცირებას.
კადრების გადაღების გარდა, გაბურღული ხვრელიდან მკვლევრებმა ნიმუშებიც აიღეს და ისინი შელფური მყინვარის ქვეშ ხუთ სხვადასხვა ადგილას აღებულ მონაცემებს შეადარეს.
ცხრა თვის განმავლობაში მიმდინარე დაკვირვებების დროს, დამიწების ხაზთან ახლოს წყალი უფრო გათბა და დამლაშდა, მაგრამ დნობის მაჩვენებელი სტაბილური, წელიწადში დაახლოებით 2-5 მეტრი რჩებოდა — უფრო ნაკლები, ვიდრე კომპიუტერული მოდელები პროგნოზირებდა.
შემდეგ ჯგუფმა ხვრელში რობოტი Icefin ჩაუშვეს და დაინახეს კიბის მსგავსი ტერასები, ბზარები და ნაპრალები.
ნაპრალების პროგრესი შეიმჩნევა მყინვარის ზედაპირზეც, რაც მკვლევრებს აფიქრებინებს, რომ ამ ნაპრალებმა ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ მყინვარის კოლაფსში.
„ჩვენ მიერ მიღებული შედეგები მოულოდნელია, მაგრამ მყინვარი მაინც გასაჭირშია. დავადგინეთ, რომ დნობის მცირე მაჩვენებლის მიუხედავად, მყინვარი მაინც სწრაფად იხევს უკან და როგორც ჩანს, მისი ბალანსიდან გამოყვანას არც ისე ბევრი რამ სჭირდება“, — ამბობს ბრიტანეთის ანტარქტიკის კვლევის პროგრამის მეცნიერი პიტერ დევისი.
კვლევის შედეგები ჟურნალ Nature-ში ორპუბლიკაციად გამოქვეყნდა.
მომზადებულია thwaitesglacier.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.