WWF-ის კავკასიის ოფისი მიიჩნევს, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს ტრანსპოფრაციის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდში მიაჩნიათ, რომ საქართველოს მთავრობის ნაბიჯი გარემოს დაცვის სამინისტროს ტრანსპორფაციაზე დაუსაბუთებელია.
“საქართველოს მთავრობის ახლახან გამოცხადებული სტრუქტურულ-ფუნქციურიცვლილებები ითვალისწინებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (ქვემოთ – გარემოს დაცვის სამინისტრო) ფაქტობრივ დაშლას: დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მაგრამ ზოგადი გეგმით სოფლის მეურნეობის სამინისტრო უერთდება გარემოს დაცვის სამინისტროს, ამასთან, ბუნებრივი რესურსების მენეჯმენტის კომპონენტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტრუქტურაში გადადის. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისი მიიჩნევს ამ ნაბიჯს ბოლომდე დაუსაბუთებლად და ეჭვს გამოთქვამს, რომ ქვეყნის განვითარების მოცემულ ეტაპზე გარემოს დაცვის სამინისტროს, როგორც დამოუკიდებელი ერთეულის, ასეთი ტრანსფორმაცია კეთილისმყოფლად წაადგება საქართველოს ბუნების დაცვის საქმეს. ჩვენ გვახსოვს წინა ხელისუფლების ანალოგიური ნაბიჯი (თუმცა დაშლის სქემა იმ დროს მეტ-ნაკლებად განსხვავებული იყო), რაც სრულიად წარუმატებლად დასრულდა; თუმცა მაშინაც, უმთავრესად არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ძალისხმევით, მოხერხდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომპონენტის, ასევე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს გარემოს დაცვის სამინისტროს სტრუქტურაში შენარჩუნება. იმ დროს აქტიურად მოვუწოდებდით მთავრობას, გარემოს დაცვის სტრუქტურაში ტყის კომპონენტიც დაეტოვებინა, მაგრამ – უშედეგოდ.
ჩვენი შეხედულებით, დღევანდელი სიტუაცია თითქმის იგივეა და ჩვენ კვლავ დაუშვებლად მივიჩნევთ ამ სამი კომპონენტის ეკონომიკის/განვითარების პროფილის მქონე ნებისმიერი სამინისტროსთვის გადაცემას – ინტერესთა აშკარა კონფლიქტის გამო. გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკითხთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, ყველაფერი ნათელია.
რაც შეეხება დაცულ ტერიტორიებს – ბოლო დროს მათ ეფექტურობას ტურისტების რაოდენობასთან აკავშირებენ, რაც, მთლიანად თუ არა, დიდწილად მცდარი მიდგომაა; დაცული ტერიტორიების სისტემის უმთავრესი ფუნქცია ბიომრავალფეროვნების, ქვეყნის უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვაა; ამასთან, დაცული ტერიტორიების სისტემა ის კარკასია, რაც მთელი ქვეყნის ბუნების მეტ-ნაკლებ სიმრთელეს უზრუნველყოფს და სწორედ განვითარების პროექტების საპირწონეა: ერთ მხარეს ინფრასტრუქტურული პროექტებია (რაც აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის), ხოლო მეორე მხარეს – დაცული ტერიტორიების სისტემის გაფართოება-განვითარებაა (რაც აუცილებელია ბუნების მთლიანობისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად).
ტყესთან დაკავშირებით კი უპირველესად იმის შეხსენებაა აუცილებლები, რომ საქართველოს ტყეებს, რომელთა 90%-ზე მეტი მთის ფერდობებზეა განლაგებული და უმთავრესად დაცვითი ფუნქციები აკისრია (წყალმარეგულირებელი, მეწყერ- და ზვავსაწინააღმდეგო და მისთ.). შესაბამისად, ტყის სეგმენტის ადგილიც სწორედ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროშია.
ჩვენ იმედს არ ვკარგავთ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება გაითვალისწინებს გარემოს დაცვითი ეროვნული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების შეხედულებებს მოცემულ, უმნიშვნელოვანეს საკითხთან დაკავშირებით”, – აღნიშნულია ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის განცხადებაში.