წვევამდელის ცემასა და ფულის შესაძლო გამოძალვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სამხედრო მოსამსახურის შესაძლო ფიზიკური ძალადობისა და თანხის გამოძალვასთან დაკავშირებით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში დაუყოვნებლივ იქნა დაწყებული გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181 და 386 მუხლებით,- ამის შესახებ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ირაკლი ბაზერაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, წინასწარი ინფორმაციით, თანხის გამოძალვის ფაქტი არ დასტურდება.
„სერჟანტი, რომელიც დასახელებული ჰყავდა სამხედრო მოსამსახურეს, კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს. მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებები. სამწუხაროდ თვითონ ამ სამხედრო მოსამსახურის დაკითხვა ჯერ ვერ ხერხდება. ის ამჟამად მარნეულის საავადმყოფოში იმყოფება. წვევამდელმა უნდა დაასახელოს ყველა დეტალი, რომლის ირგვლივაც უნდა ჩატარდეს საგამოძიებო მოქმედებები. მოგვიანებით მოგაწვდით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაციას. თუ ბრალდებები დადასტურდება, ყველას პასუხისმგებლობის საკითხი დადგება“,-განაცხადა ირაკლი ბაზერაშვილმა.
შეგახსენებთ, მარნეულის მკვიდრმა, 19 წლის ფაზუმ გახრამანოვმა განაცხადა, რომ კრწანისის სამხედრო ბაზაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ.