საქართველოში აზერბაიჯანის სამხედრო პოლიციის დელეგაცია იმყოფება
საქართველოში აზერბაიჯანის სამხედრო პოლიციის დელეგაცია იმყოფება

საქართველოში ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დელეგაცია იმყოფება.

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, ვიცე-პოლკოვნიკ ელგუნ ალიევსა და დელეგაციის წევრებს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.

დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა კახა პეტრიაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს, ყურადღება კეთილმეგობრულ ურთიერთობაზე გაამახვილეს და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. ქართულმა მხარემ აზერბაიჯანელ სტუმრებს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ამოცანისა და საქმიანობის შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი წარუდგინა.

ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონს ეწვივნენ, სადაც ბაზაზე წარმოდგენილი ტექნიკა, შეიარაღება და სატრანსპორტო საშუალებები დაათვალიერეს და მათ შესაძლებლობებს გაეცნენ.

„სტუმრებმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ბატალიონის ფუნქცია-მოვალეობებზე, მიზნებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.