თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციას ნატო-ს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნული ბატალიონის პარტნიორის სტატუსი მიენიჭა
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციას ნატო-ს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნული ბატალიონის პარტნიორის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციასა და ნატო-ს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონს (MNMPBAT) შორის პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი სამხედრო პოლიციის უფროსმა, თავდაცვის პოლკოვნიკმა გიორგი ბუბუნაურმა, ნატო-ს მხრიდან კი ალიანსის სამხედრო პოლიციის მრავალეროვნულ ბატალიონში შემავალი ქვეყნების: პოლონეთის, ხორვატიის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის სამხედრო პოლიციის უფროსებმა მოაწერეს.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ხელმოწერის ცერემონიალი პანდემიის გამო დისტანციურად გაიმართა.

„პარტნიორობის შეთანხმება ხელს შეუწყობს სამხედრო პოლიციის ბატალიონების, როგორც ნატო-სთან აფილირებული ქვედანაყოფების განვითარებას, რაც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში განსაზღვრულ, სამხედრო პოლიციის ინიციატივის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს. სამხედრო პოლიციისათვის პარტნიორის სტატუსის მინიჭების შეთანხმება თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტს მოიცავს და ნატო-ს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის ოპერაციებში, ტრენინგებსა და სწავლებებში მონაწილეობაზეა ფოკუსირებული.

პარტნიორობა 2022 წლის ბოლოსთვის საქართველოს სამხედრო პოლიციის ოცეულის ნატო-ს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის სრული წევრობისთვის (Participant Status) მომზადებას ისახავს მიზნად. შეთანხმება ცალსახად წარმოაჩენს უფრო მეტი საქართველოს არსებობას ნატო-ში, რაც სამხედრო პოლიციის შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააძლიერებს და ნატო-სთან თავსებადობას გააღრმავებს“, – აცხადებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.

მათივე ცნობით, ხელმოწერის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში საქართველოში მუდმივად მოვლენილი ნატო-ს ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე, პოლკოვნიკი მარიან დორკა (რუმინეთი), საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ადამ ავძიეჟი და სამხედრო პოლიციის ინიციატივის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი პიოტრ პავლიცა დაესწრნენ.