წლის საუკეთესო ასტრონომიული ფოტოები, რომლებიც ცოტა ხნით დაგავიწყებთ ყოველდღიურობას
სივრცეში ყურება შეგვახსენებს, რომ ყველა და ყველაფერი დედამიწაზე მოქცეულია ერთ დიდ კოსმოსურ ნატეხზე, რომელიც უსასრულო, შავ სიცარიელეში დაჰქრის.
სამწუხაროდ, ისეთი ყოველდღიური საზრუნავი, როგორიცაა სამსახური, სადილი, ძილი, ამ ციცქნა პლანეტის მიღმა გახედვის საშუალებას ხშირად არ გვაძლევს.
მაგრამ საბედნიეროდ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც დროს პოულობენ ღამის ცის არა მხოლოდ ცქერისთვის, არამედ იმის უნარიც აქვთ, რომ ამ სილამაზეს მომაჯადოებელი ფოტოები გადაუღონ და შეგვახსენონ, რომ კოსმოსის მასშტაბებთან, ჩვენ უბრალოდ არაფერი ვართ.
უკვე მეათე წელია, გრინვიჩის სამეფო ობსერვატორია ატარებს საერთაშორისო კონკურსს „წლის ასტრონომიული ფოტო“.
წლევანდელ კონკურსზე 91 ქვეყნიდან 4200-ზე მეტი ფოტო შევიდა. საბოლოოდ, გამოვლინდა 11 გამარჯვებული სურათი.
საერთო გამარჯვებულს სტატიის თავში ხედავთ. მის ავტორს, ფოტოგრაფ ბრედ გოლდპოინტს პრიზის სახით 13 000$ გადაეცა.
ხანგრძლივი ექსპოზიციით გადაღებულ კადრს ავტორმა „სულის ტრანსპორტირება“ უწოდა. ასახავს ირმის ნახტომს (მარჯვნივ), მთვარეს (ცენტრში) და თავად ფოტოგრაფს. გადაღებულია იუტის შტატში, უდაბნოს კანიონში.
წარმოგიდგენთ საპრიზო ადგილის მფლობელ დანარჩენ 10 ფოტოს.
1. დედამიწიდან 25 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე აქტიურ გალაქტიკა NGC 3521. თითოეული ფერი განასახიერებს სხვადასხვა ასაკის ვარსკვლავებს. წითლად უფრო ბებერი ვარსკვლავებია, ლურჯად კი ახალგაზრდა, ცხელი ვარსკვლავები.
ფოტო გადაღებულია ავსტრალიიდან, ვიქტორიას შტატიდან.
2. 2017 წლის მზის სრული დაბნელება. მარჯვნივ ასევე მოჩანს პლანეტა მარსი, მზის დისკოს მარცხნივ კი კაშკაშა ვარსკვლავი რეგული.
ფოტო გადაღებულია ორეგონის შტატიდან.
3. ტელესკოპით გადაღებული „სიმშვიდის ზღვა“ მთვარეზე, ადგილი, სადაც 1969 წელს ასტრონავტები დაეშვნენ.
ფოტო გადაღებულია ბარსელონიდან.
4. მწვანე კომეტა C/2017 O1 (მარცხნივ) და თეთრი კომეტა C2015 ER61 (ცენტრში). მარჯვნივ მოჩანს ვარსკვლავთგროვა სახელად პლეადები.
5. სურათი აერთიანებს ცის ერთი და იგივე რეგიონის ფოტოების სერიას. დაბლა განათებული მოჩანს ქალაქი, ზედა ნაწილში, ნახევრად წრიული ხაზი კი ვარსკვლავი ალმაჩია.
გადაღებულია უნგრეთში.
6. ჩრდილოეთის ციალის უნიკალური კადრი. გადაღებულია ფინეთის ქალაქ სიკადან.
7. მზის შემსწავლელი რადიოანტენები ირმის ნახტომის ფონზე.
გადაღებულია მონღოლეთში.
8. ვენერა ერთ-ერთი ყველაზე ერთფეროვანი პლანეტაა, რადგან გახვეულია ცხელ და სქელ ატმოსფეროში. მაგრამ როცა მზის სხივების კუთხე შესაბამისია, ვენერა შესაძლოა, მომაჯადოებლად გამოიყურებოდეს.
გადაღებულია ბრიტანეთის ქალაქ ჰერტფოდშირიდან.
9. სამხრეთის გვირგვინის თანავარსკვლავედის მტვრის კომპლექსი — მტვრისა და გაზის ნისლეული ვარსკვლავების ფონზე.
გადაღებულია ნამიბიიდან.
10. ფოტოს ავტორი 15 წლისაა. მარცხნივ მთვარე მოჩანს, მარჯვნივ კი ჩამოვარდნილი „ვარსკვლავი“.
გადაღებულია იტალიაში.
გარდა საპრიზო ადგილის მფლობელი 11 სურათისა, ასევე გამოავლინეს „ძლიერ საქებარი“ ფოტოები.
ამ სურათზე ასახულია ჩრდილოეთის პოლარული ციალი და მთვარე.
გადაღებულია ჩრდილოეთ ნორვეგიაში.
პლაზმის ჭავლი მზის ზედაპირზე.
მთვარის სრული დაბნელება გადაღებულია ოთხი საათის განმავლობაში.
ჰებეის პროვინცია, ჩინეთი.
ლამბდა-კენტავრის ნისლეული — ახალგაზრდა ვარსკვლავთა ინკუბატორი დედამიწიდან 5900 სინათლის წლის მანძილზე.
გადაღებულია ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდიდან.
24 ფოტოსგან შედგენილ ამ კადრში ასახულია ვარსკვლავი მირაჩი (ცენტრში), გალაქტიკა მესიე 31, ანუ ანდრომედა (მაღლა მარცხნივ) და მესიე 33 (დაბლა მარჯვნივ).
გადაღებულია ესპანეთიდან.
რიგელი — ცის მეშვიდე ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი და ჯადოქრის თავის ნისლეული.
გადაღებულია ნამიბიიდან.
ერთი და იგივე ადგილიდან წლის განმავლობაში გადაღებული მზის სისტემის შვიდი პლანეტა.
მარცხნიდან მარჯვნივ — მერკური, ვენერა, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი.