წინასწარი ინფორმაციით, გუდაურში საბაგიროს მუხრუჭი მწყობრიდან გამოვიდა
გუდაურში საბაგიროს, რომელიც რამდენიმე საათის წინ მწყობრიდან გამოვიდა, ინსპექტირება 2017 წლის დეკემბერში კომპანია „სი ეი ინთერნეიშენალმა“ ჩაუტარა.
როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა სანდრო შელიამ პირველ არხს განუცხადა, ინსპექტირებისას საბაგირო ტექნიკურად გამართული იყო და შესაბამისი სერტიფიკატიც გაიცა.
შელიას განმარტებით, ადგილზე უკვე ჩავიდნენ კომპანიის ინსპექტორები სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან ერთად. შელიას ინფორმაციით, სავარაუდოდ, მწყობრიდან გამოვიდა საბაგიროს მუხრუჭი.
„მე ვესაუბრე ჩვენს ინსპექტორს და წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ დაზიანდა მუხრუჭი. საბაგირო მცირე დროით გაჩერდა, შემდეგ ისევ ამოქმედდა და ამ დროს მუხრუჭს უნდა ემუშავა. ეს არის წინასწარი ვარაუდი და საბოლოო მიზეზსს გამოძიება დაადგენს“, – განაცხადა სანდრო შელიამ.
მისივე თქმით, საბაგიროზე ტვირთებზე ტესტირება ყოველდღე უნდა ტარდებოდეს და აუცილებლად იქნება შესაბამისი ჩანაწერი, თუკი ეს ტესტირება დღესაც ჩატარდა.
გუდაურში საბაგიროს ავარიულად გაჩერების შედეგად, 10-მდე ადამიანი დაშავდა.
გუდაურში დაშავებულებიდან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. არსებული ინფორმაციით, მათ თავის ტრავმა და ღია მოტეხილობები აღენიშნებათ.
დაშავებულებიდან ორი უკრაინის, რუსეთის – ოთხი, შვედეთის – ერთი და საქართველოს ერთი მოქალაქეა, რომელმაც ამბულატორია უკვე დატოვა.
დაშავებულებს შორის ერთი ფეხმძიმეა.
გუდაურში დაშავებულები თბილისში ვერტმფრენებით გადმოჰყავთ.
გუდაურში საბაგიროს დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.