სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, სოფელ წილკანში კომპანია „ტიმეოს“ ლოკოკინების გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა. საწარმოს გახსნას დაესწრნენ ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.
კომპანია „ტიმეო“ სააგენტოს საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით სარგებლობს და პროგრამის ფარგლებში 1.5 მილიონი ლარის ოდენობის სესხი მიიღო. კომპანიამ ლოკოკინების გადამამუშავებელი საწარმოს ასაშენებლად დაახლოებით 7 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. უმაღლესი სტანდარტების ქარხანას მინიჭებული აქვს უნიკალური საწარმოს კოდი და CE სერტიფიკატი. საწარმოში ამ ეტაპზე 100 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის ადგილობრივები.
წილკანში მდებარე ლოკოკინების ახალი საწარმო, რომლის ანალოგიც რეგიონში არ არსებობს, ყოველწლიურად 1 000 ტონა ლოკოკინას გადაამუშავებს და მიღებულ პროდუქტს მთლიანად ექსპორტზე გაიტანს საფრანგეთში. კომპანია „ტიმეომ“ უკვე გააფორმა ხელშეკრულება ყველაზე დიდ ფრანგულ კომპანიასთან, რომლის საფუძველზეც კომპანია „ესკალი“, რომელიც ფრანგულ ბაზარზე მოლუსკებისა და თევზეულობის მხრივ უპირობო ლიდერია, მთლიანად შეისყიდის ქართული საწარმოს მიერ გადამუშავებულ ლოკოკინას.