წილკანში არჩილ ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება
წილკანში არჩილ ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება

წილკანში არჩილ ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება.

ტატუნაშვილის ოჯახს თბილისის „დინამოსა“ და ვეტერანმა ფეხბურთელებმა მიუსამძიმრეს.

„ჩვენი ვალია, დღეს აქ ვიყოთ და მივუსამძიმროთ ოჯახს. რაც შეგვიძლია, ის უნდა გავაკეთოთ თითოეულმა ჩვენგანმა, მაგრამ როდესღაც ეს უნდა დასრულდეს“, – განაცხადა საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ პრეზიდენტმა რომან ფიფიამ.

ვეტერანი ფეხბურთელის, მანუჩარ მაჩაიძის თქმით კი, ტატუნაშვილი თანამედროვე საქართველოს გმირია და მისი სახელი უკვდავი იქნება.

„თბილისის დინამოს ვეტერანები შევიკრიბეთ და მოვედით, რათა სამძიმარი გამოგვეცხადებინა ოჯახისთვის. მოხდა დიდი ტრაგედია. ტატუნაშვილი თანამედროვე საქართველოს გმირია და მისი სახელი უკვდავი იქნება ჩვენს ისტორიაში. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს დიდ უბედურებას“, – განაცხადა ვეტერანმა ფეხბურთელმა მანუჩარ მაჩაიძემ.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან გუშინ გამთენიისას გადაასვენეს.

ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, 20 მარტს გადმოასვენეს. ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ექსპერტიზას წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ წარმომადგენელიც დაესწრო.  „ემპათიას“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად,  წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც დიდი ალბათობით წამების კვალზე  მიუთითებს.

არჩილ ტატუნაშვილს 24 მარტს, სოფელ ქანდაში, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.