„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში ჩავიდნენ
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში ჩავიდნენ

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება არის პირდაპირი შედეგი პოლიტიკისა, რომელიც ბოლო ექვსი წელია რუსეთის მიმართ ტარდება, ამას პრემიერის სრულიად კაპიტულანტური განცხადება ცხადყოფს, – ამის შესახებ ნიკა რურუამ წილკანში განაცხადა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრებთან ერთად ტატუნაშვილის ოჯახთან მისასამძიმრებლად ჩავიდა.

ნიკა რურუა გამოეხმაურა პრემიერის მიმართვას რუსეთისადმი და აღნიშნა, რომ მთავრობის მეთაურის ამ განცხადებაზე პასუხი სრულიად მთავრობამ უნდა აგოს.

„ამ განცხადებით პრემიერი რუსეთს უგზავნის სიგნალს, რომ ასეთი მხეცობით რუსეთს შეუძლია საქართველოს დათმობები გააკეთებინოს. ეს იყო მოღალატური შიშით გამოწვეული განცხადება, რაზეც პასუხი უნდა აგოს სრულიად მთავრობამ“, – განაცხადა ნიკა რურუამ.

„ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა ბიბილაშვილმა პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებას საგანგაშო უწოდა. მისი თქმით, ეს ქვეყნის ღალატის ტოლფასია.

„ძალიან საგანგაშოა პრემიერის გუშინდელი განცხადების როგორც შინაარსი, ასევე გავრცელების დრო. თავის დახრის ექვსწლიანი პოლიტიკა აი ასეთი ტრაგედიით დამთავრდა. რასაც კვირიკაშვილი რუსეთს სთავაზობს, ჩვენი ქვეყნის ღალატის, აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების ტოლფასია. პრემიერის განცხადების შემდეგ გაჩენილი უმწეობის განცდა ასევე ეკონომიკური და დემოგრაფიული კატასტროფის წინა პირობაა“,- განაცხადა ბიბილაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ პრემიერ-მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდა.