ქეთევან ციხელაშვილი - არჩილ ტატუნაშვილი არის გმირი, რომელიც გვახსოვს და გვემახსოვრება, დაუშვებელია, ასეთი ვაჟკაცები ხდებოდნენ საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი
ქეთევან ციხელაშვილი - არჩილ ტატუნაშვილი არის გმირი, რომელიც გვახსოვს და გვემახსოვრება, დაუშვებელია, ასეთი ვაჟკაცები ხდებოდნენ საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი

დღევანდელი დღე არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში, არა მარტო არჩილ ტატუნაშვილის ოჯახისთვის, არამედ თითოეული ჩვენგანის, მთელი საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა წილკანში განაცხადა, სადაც არჩილ ტატუნაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა.

მისი თქმით, არჩილ ტატუნაშვილი არის გმირი, რომელიც საზოგადოებას ყოველთვის ემახსოვრება.

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში, არა მარტო ოჯახისთვის, რომლის მიმართაც დღეს კიდევ ერთხელ გამოვხატეთ თანაგრძნობა, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის, მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის, როდესაც არჩილ ტატუნაშვილი უკანონოდ დააკავეს, აწამეს და მოკლეს, რასაც მოჰყვა ძალიან გრძელი 26 დღე, როდესაც ვცდილობდით, მისი ცხედარი გადმოგვცემოდა და ღირსეულად მიგვებარებინა მიწისთვის. არჩილ ტატუნაშვილი არის გმირი, რომელიც გვახსოვს და გვემახსოვრება, მან ფაქტობრივად თავი გასწირა ღირსებით, გაუტეხლობით მთავარი მიზნისთვის, რასაც აუცილებლად უნდა მივაღწიოთ და მსხვერპლის გარეშე, რადგანაც დაუშვებელია, ასეთი ვაჟკაცები ხდებოდნენ საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი წარმოაჩენს საოკუპაციო რეჟიმის სახეს.

„ჩვენი ახალგაზრდები – არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია, დავით ბაშარული, ირაკლი კვარაცხელია ის ადამიანები არიან, რომლებიც ამ რეჟიმის მსხვერპლი გახდნენ ბოლო წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა, ჩვენ დღის წესრიგიდან არ მოვხსნით თემას, რომ დამნაშავეებმა აგონ პასუხი, კონკრეტულმა პირებმა, ვისაც რამე თანამონაწილეობა მიუძღვით ამ საშინელ დანაშაულში. საუბედუროდ, ეს არის იმ მოცემულობის ნაწილი, რომელიც ასე ღიად დადგა ჩვენს ქვეყანაში 2008 წლიდან მოყოლებული, რომელთანაც დაკავშირებულია უამრავი უმძიმესი დარღვევა ადამიანის უფლებებისა და ყველაზე უზენაესის, სიცოცხლის ხელყოფაც, როგორც ეს არჩილის შემთხვევაში მოხდა“, – აღნიშნა სახელმწფო მინისტრმა.

მისი თქმით, დღესაც და მომავალშიც სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგოს.

„დასახლებაში, სადაც არჩილი ცხოვრობდა და დღესაც ცხოვრობს მისი ოჯახი, მისი სახელობის სკვერი გაიხსნა. ის აქაურ ახალგაზრდებს ახსოვთ და ემახსოვრებათ. რაც ჩვენ შეგვიძლია, დღეს გავაკეთოთ, გარდა იმისა, რომ დავუდგეთ ოჯახს გვერდით, არის პატივი მივაგოთ მის ხსოვნას“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.