წიგნის პრეზენტაცია - ბორჯომი, სოხუმი, უემბლი
წიგნის პრეზენტაცია - ბორჯომი, სოხუმი, უემბლი

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა – „ბორჯომი, სოხუმი, უემბლი“, რომელიც ფიფას არბიტრის, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო საფეხბურთო მსაჯად აღიარებული ანატოლი მილჩენკოს (1938-2011) ცხოვრებას მიეძღვნა.

წიგნის ავტორები ჟურნალისტები თენგიზ პაჭკორია და დემიკო ლოლაძე არიან. 210 გვერდიან ნაშრომში ბევრ საინტერესოს შეიტყობთ მილჩენკოს ქართველ და უცხოელ კოლეგებზე, სპორტსმენებზე, საზოგადო მოღვაწეებზე, იხილავთ ბევრ საინტერესო ფოტოს.

პრეზენტაციას ანატოლი მილჩენკსო ოჯახის წევრები, ახლობლები და კოლეგები, ასევე ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები, ლევან კობიაშვილი და კახა ჭუმბურიძე ესწრებოდნენ.

„ეს გამოცემა მზის სინათლეს ვერ იხილავდა, რომ არა საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, ჩვენი სოხუმელი მეგობარი თენგიზ პაჭკორია. მან 1996-2010 წლებში ანატოლი მილჩენკოსთან ინტერვიუებისა და მოგონებების მთელი ციკლი ჩაიწერა, რომლის მცირე ნაწილიც გამოქვეყნდა ქართულ და უცხოურ პრესაში“, – ამბობს დემიკო ლოლაძე.

თენგიზ პაჭკორია წიგნში აღნიშნავს, რომ „ანატოლი იყო მსაჯი-არისტოკრატი. წიგნის სათაური 2011 წელს თავად მან შეარჩია. ის ამით გამოხატავდა სიყვარულს ბორჯომისა და სოხუმის მიმართ და აგრეთვე „უემბლისადმი“, როგორც მეოცე საუკუნის ელიტარული საფეხბურთო არენის მიმართ, რომლის მოედანზე მსაჯობა არბიტრებისთვის დიდი პრესტიჟი იყო. მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილსა და პირველ ვიცე-პრეზიდენტს კახა ჭუმბურიძეს, რომელთა მხარდაჭერითა და ხელშეწყობით გამოიცა ეს წიგნი“.