„წიგნების თარო” ქუთაისში, ოზურგეთსა და ბათუმში ახალგაზრდებთან შეხვედრებს გამართავს
საქართველოს პირველი არხის ახალგაზრდული პროექტი „წიგნების თარო” პირველ, 2 და 3 სექტემბერს საქართველოს სამ ქალაქში, – ქუთაისში, ოზურგეთსა და ბათუმში ბავშვებს და ახალგაზრდებს შეხვდება.
შეხვედრის ფარგლებში ჩატარდება „წიგნების თაროს” საჯარო თამაშები და ალექსანდრე ლორთქიფანიძის ლექცია “პერსონაჟები, რომლებმაც სცადეს”.
ღონისძიებათა ციკლი „წიგნების თაროს” კამპანიის „სცადეს” ნაწილია. „სცადე” ახალგაზრდებისკენ მიმართული ახალი გზავნილია, რომელიც ცდილობს, მათში ცოდნის და განათლების მიღების სურვილი წაახალისოს, მოტივაცია აამაღლოს და სიახლეებისკენ უბიძგოს. “წიგნების თარო” ამ გზავნილით ახალგაზრდებს მოუწოდებს, სცადონ უცხო გზების აღმოჩენა, რომლებიც, შესაძლოა, რიგ შემთხვევებში, უამრავ დაბრკოლებასაც მოიცავდეს, თუმცა საბოლოოდ მაინც გამარჯვებით დაგვირგვინდება.
ლექცია – „პერსონაჟები, რომლებმაც სცადეს“ ამავე გზავნილის ფილოსოფიას ეხმიანება და გულისხმობს იმ ცნობილი ლიტერატურული პერსონაჟების ანალიზს, რომელთაც მიუხედავად დაბრკოლებებისა თუ გარდაუვალი მარცხისა, სცადეს და საკუთარი მიზნისთვის იბრძოლეს. კენ კიზის მაკმერფის, ჯორჯ ორუელის უინსტონ სმიტისა და მკითხველისთვის კარგად ნაცნობი სხვა გმირების პარალელურად ალექსანდრე ლორთქიფანიძე განიხილავს ამ გზავნილის მნიშვნელობას ლიტერატურაში და ავტორებს, რომლებიც მკითხველს გაბედულების და მცდელობის ფილოსოფიას უზიარებენ.
ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ მივიდნენ:
1 სექტემბერს – ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში;
2 სექტემბერს – ოზურგეთის მე-2 საჯარო სკოლაში;
3 სექტემბერს – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
პირველ სექტემბერს ასევე იწყება რეგისტრაცია საქართველოს პირველი არხის ყველაზე მნიშვნელოვანი ახალგაზრდული პროექტის „წიგნების თაროს“ მე-9 სასკოლო და მე-5 სტუდენტური სეზონებისთვის.
საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ მე-10, მე-11 ან მე-12 კლასელს და ბაკალავრიატის სტუდენტს პროექტში მონაწილეობის კიდევ ერთი შესაძლებლობა ექნება.
რეგისტრაცია მე-9 სასკოლო და მე-5 სტუდენტური სეზონისთვის შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე – www.registracia.wignebistaro.ge და გაგრძელდება 20 სექტემბრამდე.
შოუს გამარჯვებული მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის მთავარი პრიზი უცვლელი რჩება – კემბრიჯის საზაფხულო სკოლა.
2021 წელს საქართველოს პირველი არხი და „წიგნების თარო” კემბრიჯში 29 მოსწავლესა და სტუდენტს გაუშვებენ.