საქართველოს პირველი არხის პროექტის, „წიგნების თაროს“ ორგანიზებით, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ახალგაზრდული კონფერენცია გაიმართა

საქართველოს პირველი არხის პროექტის, „წიგნების თაროს“ ორგანიზებით, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ახალგაზრდული კონფერენცია გაიმართა. „საოცარი ახალი სამყარო“ შემეცნებითი ღონისძიებაა, რომელსაც „წიგნების თარო“ უკვე მეორედ ატარებს, ამჯერად თბილისში. კონფერენციაზე აქტუალურ საკითხებზე, მომავლის ხედვებსა და ტენდენციებზე სტუდენტები და პროფესიონალები საუბრობდნენ.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პირველი არხის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის მასტერკლასი „მედიის დილემა“. ასევე, ანდრო დგებუაძისა და გია ბარკალაიას მასტერკლასები „თამაშის ალქიმია“ და „კომუნიკაციები დღეს და ხვალ“.

კონფერენციის მიზანია ისეთი პლატფორმის შექმნა, რომელიც ახალგაზრდულ პრობლემატიკას, აქტუალურ საკითხებსა და მომავლის პერსპექტივებს სადისკუსიო საკითხად აქცევს.

ღონისძიება მოიცავდა როგორც გამოცდილი სპეციალისტების, მაღალი რანგის პროფესიონალების მასტერკლასებს, ასევე სტუდენტური მოხსენებების სერიას „სტუდენტები ფიქრობენ“.

„ვფიქრობ, პირველი არხი უნდა იყოს ამაყი, რომ „წიგნების თაობის“ სახით ჰყავს ასეთი თაობა. ეს არ არის მხოლოდ გადაცემა, ეს არის ყველაფერი, რაც ჩვენს სამყაროს აერთიანებს და ამ შემთხვევაში მოდის ლიტერატურიდან, ვიტყოდი, უფრო წიგნის კითხვიდან. დღევანდელი დღე გაცდა ამ ფარგლებს. ძალიან ინტერაქტიული დღე გამოვიდა. დაისვა უამრავი შეკითხვა, რაც მთავარია, ისეთი შეკითხვა, რომელზე პასუხის გაცემაც არის ერთი სიამოვნება“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.