ალექსანდრე ლორთქიფანიძე - „წიგნების თაროს“ ეგიდით დამატებითი პროექტები გრძელდება
ალექსანდრე ლორთქიფანიძე - „წიგნების თაროს“ ეგიდით დამატებითი პროექტები გრძელდება

„წიგნების თაროს“ ეგიდით დამატებითი პროექტები გრძელდება, – განაცხადა გადაცემა „წიგნების თაროს“ წამყვანმა, ალექსანდრე ლორთქიფანიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ძალიან მიხარია იმის თქმა, რომ „წიგნების თაროს“ გარკვეული სოციალური ეფექტი ჰქონდა. თვითონ ბავშვებმა ეს თამაში ძალიან აიტაცეს. მათ შორის – საქართველოს რეგიონებში ამ თამაშს თავისით თამაშობენ, კითხვებს წერენ და ჩემპიონატებს აწყობენ. ამიტომ, „წიგნების თაროს“ ეგიდით დამატებით, სხვადასხვა პროექტებს ვაკეთებთ. იქნება ეს ლექციების ციკლი, თუ სხვა. დავდივართ საქართველოს რეგიონებში, ვხვდებით ბავშვებს, ვესაუბრებით სხვადასხვა თემაზე და ა.შ“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

მისი თქმით, გადაცემაში მონაწილეობა შეუძლია ყველა მოზარდს, რომელიც მე–10, მე–11, ან მე–12 კლასშია.

„გადაცემაში მონაწილეობა მათ მას შემდეგ შეუძლიათ, რაც საკმაოდ რთულ და სამართლიან გასაუბრების ეტაპს გაივლიან. როცა ახალი სეზონი იწყება, ამას სხვადასხვა საშუალებით ვაცხადებთ. შემდეგ განცხადებებს ვიღებთ საქართველოს ნებისმიერი სკოლიდან და თითოეულ სკოლაში გასაუბრებას ორ ტურად ვაწყობთ, ჯერ ვირტუალურად, ვთქვათ, სკაიპის საშუალებით, შემდეგ კი, ჩავდივართ, ვეცნობით გადარჩეულ გუნდებს და მათ პირადად ვხვდებით“, – განაცხადა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ.