გასართობად და სავარჯიშოდ წასული 12 ტაილანდელი ბავშვი 23 ივნისის დილას ვერც წარმოიდგენდა, რომ მათ შესაძლოა, მიწისქვეშეთში 120 დღის გატარება დამუქრებოდათ.
ტაილანდის ტჰამ ლუანგის მღვიმეში ჩარჩენილი 12 მოზარდისა და მათი ფეხბურთის მწვრთნელის გამოყვანას დატბორილი გამოქვაბულიდან ტაილანდის მთავრობა და მოხალისეები მეექვსე დღეა, უშედეგოდ ცდილობენ. დრო მათ წინააღმდეგ მოქმედებს. მალე მუსონი დაიწყება – ტაილანდურ ენაზე ვედუფონის, იგივე წვიმების სეზონი, რაც მღვიმის მშრალ ნაწილში შეფარებულ ბავშვებს საფრთხეს შეუქმნის.
საშიში თავგადასავალი 12 მოზარდისთვის, რომლებიც ფეხბურთის ახალგაზრდული ნაკრების წევრები არიან, ექსკურსიით დაიწყო. 23 ივნისს ისინი ტაილანდის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ტჰამ ლუანგის მღვიმის დასათვალიერებლად შევიდნენ, როცა ძლიერი წვიმა წამოვიდა და ძველისძველი გამოქვაბული დაიტბორა. მოზარდებს მყვინთავებმა 9 დღის თავზე, 2 ივლისს მიაგნეს. მას შემდეგ მათი მშობლები და მთელი მსოფლიო ბავშვების მიწისქვეშეთიდან ამოყვანას ელოდებიან.
ტაილანდის მთავრობა, სამაშველო სამსახური და ადგილობრივი სპეციალისტები ამბობენ, რომ ბავშვების გამოყვანა შეუძლებელია, რადგან მათ ცურვა არ იციან. მედიკამენტებს, პირველადი მოხმარების ნივთებს, თბილ საბნებს, ჟანგბადის ბალონებსა და საკვებს მათ 2 ივლისიდან მოყოლებული დღემდე მყვინთავები აწვდიან.
ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად მღვიმეში ექიმებიც ჩავიდნენ. 6 ივნისს კი ბავშვებისთვის ჟანგბადის ბალონების მისაწოდებლად წასულ ერთ-ერთ მყვინთავს, 38 წლის სამარნ კუნანს გზაში ჟანგბადი თავად გაუთავდა და დაიღუპა. იგი ტჰამ ლუანგის მღვიმის პირველი მსხვერპლია. ამ ფაქტმა ტაილანდსა და მთელ მსოფლიოს შეახსენა, რომ დატბორილი მღვიმე იმაზე მეტ საფრთხეს წარმოადგენს სიცოცხლისთვის, ვიდრე აქამდე ეგონათ, მაგრამ დრო მათ წინააღმდეგ მუშაობს. მალე წვიმების სეზონი იწყება და გამოქვაბული შესაძლოა, მთლიანად წყალმა ამოავსოს.
16 წლამდე ბავშვებისა და მათი მწვრთნელის გადარჩენის ვერსიად ტაილანდში ორ გზას განიხილავენ – ბავშვებმა ყვინთვა უნდა ისწავლონ, ან წვიმების სეზონზე მღვიმეში მშრალი ადგილი იპოვონ და იქ 120 დღე გაატარონ, ხოლო მყვინთავებმა ისინი ამ პერიოდის განმავლობაში საკვებით, მედიკამენტებითა და ჟანგბადის ბალონებით მოამარაგონ. პარალელურად, მოხალისეები იმ მდინარის დაშრობას ცდილობენ, რომლის ადიდების დროს წყალი ტჰამ ლუანგის გამოქვაბულში ჩაედინება, თუმცა მდინარის დაშრობა სპეციალური მილებით წვიმების სეზონზე წარმოუდგენელია.
ბავშვების წყლით სავსე მღვიმიდან გამოსაყვანად არსებობს მესამე ვერსიაც და ამ ვერსიას SpaceX-ი ჰქვია. ტაილანდის მთავრობას დახმარება ამერიკელმა გამომგონებელმა ელონ მასკმა გუშინ შესთავაზა. დღეს ტაილანდის ჩრდილოეთით SpaceX-ის გუნდი ჩავა. მასკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას იდეა აქვს, როგორ გამოიყვანოს მიწის ზედაპირზე მდებარე შესასვლელიდან 4 კილომეტრის დაშორებით მოწყვეტილი ბიჭები.
თუ თანამედროვე ტექნიკა არქაულ მღვიმეში უძლურია, მაშინ მის წინააღმდეგ ულტრათანამედროვე მეცნიერება ილაშქრებს. მასკი ფიქრობს, რომ ნეილონის გასაბერი გვირაბით, სადაც წყალი ვერ შეაღწევს, ბავშვებს მიწისქვეშეთიდან ამოიყვანს.
დღეები გადის და ტაილანდს მუსონი უახლოვდება. ბავშვები მღვიმეში არიან, სადაც ჟანგბადის შემცველობა ბოლო დღეებში 21%-იდან 15 პროცენტამდე შემცირდა. თუმცა იმედი დიდია. ბავშვები ამბობენ, რომ არ ეშინიათ. მათ მიწისქვეშეთიდან, სახლიდან რამდენიმე კილომეტრით მოწყვეტილი მღვიმიდან მშობლებს წერილები გაუგზავნეს. ეს წერილები ერთ-ერთმა მყვინთავმა ამოიტანა და მსოფლიო მედიაში ტაილანდელი 12 მოზარდის გზავნილის სახით გავრცელდა.
მათ ერთობლივი წერილიც დაწერეს, სადაც წერია: „ნუ ნერვიულობთ ჩვენზე, ჩვენ ჯანმრთელად ვართ. ძალიან გვინდა, მალე გავიდეთ აქედან და პირდაპირ სახლში წავიდეთ, არსად სხვაგან. მასწავლებელს კი ვთხოვთ, ნუ მოგვცემს ბევრ საშინაო დავალებას“.
პონი:
„მიყვარხართ დედიკო და მამიკო, მე კარგად ვარ! ყველანი მიყვარხართ!“
ნიკი:
„დედიკო, მამიკო, ნიკის უყვარხართ თქვენც და პატარა და-ძმა. როგორც კი აქედან გამოვალ, ცხელი ხორციანი წვნიანის საჭმელად ერთად წავიდეთ.“
მარკი:
„დედა, როგორ ხარ? მე კარგად ვარ. მასწავლებელს უთხარი, რომ ნამდვილად კარგად ვარ. მიყვარხარ, დედიკო!“
მიკი:
„არ იდარდოთ ჩემზე! ყველანი ძალიან მენატრებით – ბაბუა, მამიდა, დედა, მამა, ძმები. ყველანი მიყვარხართ! მე კარგად ვარ, ჩემზე ზრუნავენ.“
დომი:
„კარგად ვარ, მაგრამ აქ ცივა. არ იდარდოთ. ჩემი დაბადების დღე ხომ არ დაგავიწყდათ?!“ (3 ივლისს დომს დაბადების დღე ჰქონდა).
აბული:
„ნუ ნერვიულობთ! კარგად ვარ, მაგრამ სახლში მინდა დაბრუნება, ძალიან მინდა!“
ნაითი:
„ნაითს უყვარს დედა და მამა, ძალიან უყვარს! არ იდარდოთ მასზე!“
ტეი:
„ძალიან მიყვარხართ, ჩემო დედიკო და მამიკო. არ ინერვიულოთ, მე ჩემ თავს კარგად მივხედავ.“
ნოტი:
„მე კარგად ვარ, მენატრებით და მიყვარხართ ყველა!“
ბიუ:
„არ ინერვიულოთ, დედიკო და მამიკო! სულ რაღაც ორი კვირით არ ვარ თქვენთან. მალე დაგიბრუნდებით! მალე ვიქნები თქვენ გვერდით და დედიკოს ყველაფერში მივეხმარები, როცა თავისუფალი დრო მექნება!“
ტეე:
„არ იდარდოთ ჩემზე, მე ბედნიერი ვარ. ძალიან მიყვარხართ, ჩემო დედიკო და მამიკო და ჩემო საყვარელო დებო!“
აკაპოლ ჩანტაუონი – მწვრთნელი
„ძვირფასო მშობლებო, თქვენი შვილები კარგად არიან. აქ რამდენიმე ადამიანი მოდის და ზრუნავს თქვენ შვილებზე. მეც ვზრუნავ მათზე და ვაკეთებ ყველაფერს მათი კარგად ყოფნისთვის. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და ბოდიშს გიხდით მშობლებს, რომ თქვენი შვილები ამ გამოქვაბულში მე წამოვიყვანე.“