მღვიმეში ჩარჩენილი ტაილანდელი ბავშვების გამოყვანის ოპერაცია დაიწყო

ტაილანდში, მღვიმეში ჩარჩენილი ბავშვებისა და მათი მწვრთნელის გამოყვანის ოპერაცია დაიწყო. როგორც პრესკონფერენციაზე ტაილანდის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, მაშველთა ჯგუფი მღვიმეში დაახლოებით ერთი საათის წინ შევიდა.

მანამდე, მღვიმის მიმდებარე ტერიტორიიდან ყველა დამხმარე პერსონალი გაიყვანეს. ადგილზე დარჩნენ მხოლოდ მყვინთავები, ექიმები და სამხედროები.

სამაშველო ოპერაციაში სულ 13 უცხოელი და 5 ტაილანდელი მყვინთავი მონაწილეობს.

ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, მღვიმიდან ბავშვების გამოყვანას რამდენიმე საათი დასჭირდება.

პირველ გადარჩენილებს მაშველები სავარაუდოდ, თბილისის დროით 20:00 საათზე გამოიყვანენ. სამაშველო ოპერაციის დაწყების შესახებ ბავშვების მშობლები ინფორმირებულები არიან, თუმცა გეგმის ზუსტი დეტალები უცნობია.

ტაილანდში, მღვიმეში 12 ბიჭი და მათი მწვრთნელი 23 ივნისს ჩარჩნენ.