წარმოუდგენლად ცხელი პლანეტის ატმოსფეროში უიშვიათესი ელემენტები დააფიქსირეს
წარმოუდგენლად ცხელი პლანეტის ატმოსფეროში უიშვიათესი ელემენტები დააფიქსირეს

დედამიწიდან 620 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს პლანეტა სახელად KELT-9b, რომელიც სხვათა შორის, წარმოადგენს ამ დრომდე აღმოჩენილ ყველაზე ცხელ პლანეტას. იგი იმდენად ცხელია, რომ როგორც მკვლევრებმა შარშან დაადგინეს, მის ატმოსფეროში მიმოფანტულია აორთქლებული რკინა და ტიტანი. თუმცა, როგორც ჩანს, იქ კიდევ სხვა ბევრი ლითონია.

ეგზოპლანეტების მკვლევრებმა ახლახან დაადგინეს, რომ KELT-9b-ის გარშემო უხვად არის აორთქლებული სხვა მეტალებიც — ნატრიუმი, მაგნიუმი, ქრომი და დედამიწაზე უიშვიათესი ისეთი ლითონები, როგორებიცაა სკანდიუმი და იტრიუმი.

ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როცა მეცნიერებმა ქრომი, სკანდიუმი და იტრიუმი აშკარად დააფიქსირეს ეგზოპლანეტის ატმოსფეროში. აღმოჩენა ბერნისა და ჟენევის უნივერსიტეტის მკვლევრებმა გააკეთეს.

ბერნის უნივერსიტეტის ასტრონომის, ჯენს ჰოიჯმეიკერსის განცხადებით, მათი ჯგუფი პროგნოზირებდა, რომ ამ პლანეტის სპექტრი შესაძლოა, ნამდვილი საგანძურის ყუთი ყოფილიყო, რომელშიც სხვა ეგზოპლანეტებზე ამ დრომდე დაუფიქსირებელი მრავალი ისეთი ნივთიერება იქნებოდა.

 

KELT-9b უზარმაზარი, უცნაური პლანეტაა. იგი გაზის გიგანტია, რომელიც უკიდურესად ცხელი დედავარსკვლავის გარშემო წარმოუდგენლად ახლო მანძილზე მოძრაობს. უფრო კონკრეტულად, დაშორება ამ პლანეტასა და მის ვარსკვლავს შორის დედამიწასა და მზეს შორის არსებული მანძილის მხოლოდ 3 პროცენტია. თავის მხრივ, მისი დედავარსკვლავი, სახელად HD 195689 ერთ-ერთი ყველაზე ცხელია ჩვენთვის ცნობილთა შორის — არის ცისფერი სუპერგიგანტი ვარსკვლავი, რომლის ტემპერატურაც 9 900 გრადუსი ცელსიუსია.

დედავარსკვლავთან ასეთი სიახლოვის გამო, მისი პლანეტის წონასწორობის ტემპერატურა დაახლოებით 3776 გრადუსი ცელსიუსია, განათებულ მხარეს კი 4326 გრადუსი. შედეგად, ის უფრო ცხელია, ვიდრე ზოგიერთი ნარინჯისფრი და წითელ ჯუჯა ვარსკვლავთა უმეტესობა. აღსანიშნავია, რომ სულ ოდნავ ჩამორჩება მზის ზედაპირის ტემპერატურას, რომელიც 5526 გრადუსს აღწევს.

ასეთი მაღალი ტემპერატურა ყველაფერს აორთქლებს. ყველა მოლეკულა ატომებად იშლება ისე, რომ ღრუბლებს ან აეროზოლებსაც არ ტოვებს — ატმოსფერო უბრალოდ იწვის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ KELT-9b-ის ატმოსფერო ვარსკვლავის მსგავსია, სრულიად ატარებს სინათლეს.

მიუხედავად სრული აორთქლებისა, ცხელ, კრიალა ცაში მოფარფატე ეს ატომები შთანთქავენ სინათლის სპეციფიკურ ტალღის სიგრძეებს. ვარსკვლავზე სპექტროგრაფით დაკვირვების შედეგად, ასტრონომებმა შეძლეს ამ ნაკლული ტალღის სიგრძეების მოძებნა და მათ მიერ შთანთქმული ელემენტების გამოვლენა.

სწორედ ამ გზით იპოვეს მათ პირველი დაკვირვებებისას რკინა და ტიტანი. მეორე დაკვირვებებისას კი დანარჩენი ხუთი ელემენტი.

გარდა ამისა, მეცნიერებმა შეისწავლეს პლანეტის ატმოსფეროს ზედა ნაწილიც და გამოააშკარავეს იმ გლობალური ქარის მახასიათებლები, რომელიც ატომებს ორ ნახევარსფეროს შორის ისვრის.

აღნიშნული მეთოდით მკვლევრებს მომავალში საშუალება ექნებათ მოახდინონ სხვა ეგზოპლანეტათა ატმოსფეროების შემადგენელი ელემენტების იდენტიფიცირებაც. ამის შემდეგ კი პასუხი გასცენ სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე კითხვას — როგორ და რატომ არის სიცოცხლე დედამიწაზე?

ბერნის უნივერსიტეტის ასტრონომის, კევინ ჰენგის განცხადებით, არსებობს შანსი, რომ ამ პლანეტის კვლევისას გამოყენებული მეთოდით ერთ მშვენიერ დღესაც ბიოხელწერა, ანუ სიცოცხლის ნიშანი დააფიქსირონ სხვა რომელიმე ეგზოპლანეტაზე.

მომზადებულია unibe.ch-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.