საქართველოს მთავრობის განკარგულებით, წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები79 ეკომიგრანტი ოჯახი საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე გახდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე წალკაში მცხოვრებ ეკომიგრანტ ოჯახებს ესტუმრნენ და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცეს.
„სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის 2004-2009 წლებში შესყიდული სახლების დაკანონების პროცესი მხოლოდ 2015 წელს დაიწყო.
ამ ეტაპზე, მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით, საცხოვრებელი ფართი 500 ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდა და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.