მეწარმე დევნილებისა და ეკომიგრანტების მხარდაჭერის პროგრამაში განაცხადების მიღება დაიწყო
მეწარმე დევნილებისა და ეკომიგრანტების მხარდაჭერის პროგრამაში განაცხადების მიღება დაიწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „ეკონომიკური აგენტის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, განაცხადების მიღება დაიწყო. პროგრამის მიზანს დევნილთა და ეკომიგრანტთა სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მეწარმე დევნილები და ეკომიგრანტები მათი საქმიანობის გაფართოებისთვის საჭირო ძირითადი საშუალებების შესაძენად 4 000-7 500 ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან. ჯამში, გრანტს 20 მეწარმე მიიღებს, რომლებიც საკუთარ საწარმოებში მინიმუმ ერთი დევნილის ან ეკომიგრანტის დასაქმების ვალდებულებას აიღებენ.

პროგრამაში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეუძლიათ, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას მარნეულის, თეთრიწყაროს, ვანის, ზესტაფონის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში ეწევიან.

„ეკონომიკური აგენტის მხარდაჭერის პროგრამა“ სააგენტოსა და საერთაშორისო ორგანიზაცია Action Against Hunger-ის მიერ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ხორციელდება.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ბიზნესგეგმების მიღება 6 ივლისიდან დაიწყო და 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

ბიზნესგეგმა, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში მიიღება.