წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სქურსა და საჩინოში ხანძარია.
როგორც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა, ბესიკ ფარცვანიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ხანძარი მთების ფერდობებზეა.
მისი თქმით, ცეცხლი უკიდია გამხმარ ფოთლებსა და ბუჩქებს.
ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები.
ბესიკ ფარცვანიას ინფორმაციით, ხანძარი მოსახლეობას საშიშროებას არ უქმნის.
ამასთან, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სოფელ სქურში რთული რელიეფისა და ხილვადობის გამო ხანძრის კერამდე სახანძრო ავტოტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება.
„სოფელ სქურში ტყეში იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი ორ კერად – 100 და 200 მეტრი სიგრძის ზოლზე. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. რთული რელიეფის და ხილვადობის გამო ხანძრის კერამდე სახანძრო ავტოტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება. მეხანძრე-მაშველებს გადაადგილება მოუწიათ ქვეითად. ღამის განმავლობაში გაგრძელდება მონიტორინგი. ხილვადობის აღდგენისთანავე განახლდება ქრობის სამუშაოები“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.