წალენჯიხის ფერიცვალების სახელობის ეკლესიაში წმინდა ნინოს ფრესკა აღმოაჩინეს
წალენჯიხის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ეკლესიაში სარესტავრაციო სამუშაოებისას წმინდა ნინოს ფრესკა აღმოაჩინეს. მხატვარ-რესტავრატორ მერაბ ბუჩუკურის განცხადებით, ფრესკა მე-14 საუკუნეში არის შესრულებული და უნიკალურია.
„ეს არის ყველაზე მკაფიოდ წარმოდგენილი, იკონოგრაფიულად სრულყოფილი, წიგნითა და ჯვრით წარმოდგენილი გამოსახულება თავისივე მკაფიო წარწერით „წმინდა ნინო“. მსგავსი ფრესკა აქამდე საქართველოში არ აღმოჩენილა. თუმცა, გვაქვს მე-12-მე-13 საუკუნეების რამდენიმე შემთხვევა, მაგრამ იმ შემთხვევებში, შეუიარაღებელი თვალით წარწერა „წმინდა ნინო“ არ ჩანს. აღსანიშნავია ისიც, რომ წმინდა ნინო ჩვენ მიერ აღმოჩენილ კედლის მოხატულობაში წიგნით, ჯვრითა და სრულყოფილი წარწერითაა მოცემული, რაც უტყუარი და უიშვიათესია ქართული კედლის მოხატულობაში“, – აცხადებს მხატვარ- რესტავრატორი, სასულიერო აკადემიის ხატწერა-რესტავრაციის კათედრის გამგე, პროფესორი მერაბ ბუჩუკური.
ტაძრის რესტავრაცია ორი თვის წინ დაიწყო. ამ ეტაპზე, საკონსერვაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასასრულს უახლოვდება. სამუშაოები სასულიერო აკადემიის რესტავრაციის ფაკულტეტის პროფესორ მასწავლებელთა, კურსდამთავრებულებისა და სტუდენტების მიერ ხორციელდება.