ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის პარლამენტს მიმართა - ნუ გახდებით საკურორტო ადგილი მკვლელებისთვის
ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის პარლამენტს მიმართა - ნუ გახდებით საკურორტო ადგილი მკვლელებისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის პარლამენტს მიმართა.

მან მადლობა გადაუხადა იტალიელ ხალხს და მთავრობას რუსეთის წინააღმდეგ მეტი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა. უკრაინის პრეზიდენტმა იტალიელებს სთხოვა, ნუ მისცემენ მკვლელებს იტალიის კურორტებში დასვენების საშუალებას.

„ძალიან კარგად იცით, რომ ჩვენი ერი, რომელსაც არასოდეს უნდოდა ომი, ისეთივე ევროპულია, როგორც თქვენ. იცით, ვინ მოიტანა ომი უკრაინაში. კარგად იცით ისინი, ვინც მკვლელობის ბრძანებას გასცემენ და პროპაგანდას ეწევიან, თითქმის ყველა იტალიას დასასვენებლად იყენებს. ნუ გახდებით საკურორტო ადგილი მკვლელებისთვის. დაბლოკეთ ყველა უძრავი ქონება, ანგარიშები, იახტები, დაბლოკეთ ყველა, ვისაც რუსეთში რაიმე გავლენა აქვს. მხარი დაუჭირეთ სანქციების უმეტესობას რუსეთის წინააღმდეგ: ნავთობზე სრული ემბარგოს დაწესებით დაწყებული, თქვენს პორტებში რუსული გემების შემოსვლის აკრძალვით დამთავრებული, რათა იგრძნონ მათი აგრესიის და ზღვის დანაღმვის საფასური. სასანქციო რეჟიმში არ უნდა იყოს დაშვებული არანაირი გამონაკლისი“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიელებს უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად დახმარების აღმოჩენისკენ მოუწოდა.

მისი თქმით ეს არის ომი, რომელსაც ერთი ადამიანი დიდი ხნის განმავლობაშ ამზადებდა, ომი, რომელიც არავის სჭირდება.

„ეს არის ომი, რომელსაც რუსეთი და ერთი ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში ამზადებდა. ნავთობისა და გაზის ექსპორტით უზარმაზარი რაოდენობის თანხა გამოიმუშავეს, რომელიც ომის მოსამზადებლად მიმართეს და არა მარტო უკრაინის წინააღმდეგ. მათი მიზანი ევროპაა. გავლენის მოხდენა თქვენს ცხოვრებაზე, თქვენი პოლიტიკის კონტროლი, თქვენი ღირებულებების განადგურება, არა მხოლოდ ჩვენის. უკრაინა რუსული არმიისთვის არის კარიბჭე ევროპაში. მათ შემოჭრა უნდათ, მაგრამ ბარბაროსობა არ უნდა გაუვიდეთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე, უკრაინის პრეზიდენტმა თავის მიმართვაში უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, მსოფლიო შესაძლო შიმშილის შესახებ გააფრთხილა.

„საშინელება იქნება შიმშილი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანას უახლოვდება. უკრაინა მუდამ იყო სურსათის ერთ-ერთი დიდი ექსპორტიორი, მაგრამ როგორ შევძლებთ რუსეთის საარტილერიო დარტყმების ქვეშ თესვას? როგორ შევძლებთ თესვას, როდესაც მტერი განზრახ ნაღმავს ველებს, ანადგურებს საწვავის ბაზებს? ჩვენ არ ვიცით, როგორი მოსავალი გვექნება და შევძლებთ თუ არა ექსპორტს, მაშინ, როცა ჩვენი პორტები დაბლოკილი და დაკავებულია. ამ ომის შედეგებს ყველგან გრძნობენ, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, არა მხოლოდ ევროპაში. უკრაინა არასოდეს დაივიწყებს თქვენს სითბოს და ძალას, რომელმაც ერთი ადამიანი უნდა შეაჩეროს, მხოლოდ ერთი, რათა გადარჩნენ მილიონები“, – განაცხადა ზელენსკიმ.

იტალიის პარლამენტის სპიკერმა მადლობა გადაუხადა უკრაინის პრეზიდენტს, რომ მიიღო მათი მოწვევა და დათანხმდა იტალიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლას. მან დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და იტალიელი ხალხის სახელით უკრაინას მხარდაჭერა აღუთქვა.