ვლადიმირ ზელენსკიმ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა, რატომ არ გასცა „ვაგნერის“ მებრძოლების დაკავების სპეცოპერაციის ნებართვა
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა, რატომ არ გასცა ნებართვა კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლების დაკავების სპეცოპერაციის ჩასატარებლად.
ჟურნალისტებთან ზელენსკიმ სპეცოპერაციის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ყოფილ ხელმძღვანელთან ვასილი ბურბასთან საუბარი გაიხსენა.
პრეზიდენტის თქმით, საუბრის შემდეგ ის მიხვდა, რომ ამ სპეცოპერაციის ჩატარების ნებართვის გაცემა არ შეიძლებოდა.
„მხოლოდ ერთი კითხვა მქონდა, რაც მას პირდაპირ დავუსვი: „თურქული ავიახაზები ერდოღანმა უნდა იცოდეს? – არა“, – იხსენებს ზელენსკი სამხედრო დაზვერვის ყოფილ ხელმძღვანელთან საუბარს.
„მინდა, ვიცოდე, თურქული ავიახაზების თვითმფრინავი მოფრინავს მინსკიდან, იქ იქნებიან რიგითი ადამიანები, თურქეთის მოქალაქეები და არა მხოლოდ, 100-ზე მეტი ადამიანი. როდესაც თქვენ წარმოიდგენთ, რომ თვითმფრინავი დაეშვება უკრაინაში, მაქვს შეკითხვა: მებრძოლებმა, რომ თვითმფრინავი ხელში ჩაიგდონ, შესაძლებელია? შესაძლებელია. იქნებ, ისინი გაიტაცებენ თვითმფრინავს და ყველა ადამიანი დაიღუპება?“, – განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს არ არის უკრაინის ოპერაცია და ამას აქვს შეგრძნება, რომ კიევის ჩათრევას ცდილობენ თურქეთთან სკანდალში.
„ის არ არის დეტალურად დამუშავებული, მე მზად ვარ, ნებართვა გავცე ნებისმიერ ოპერაციაზე, ამაზეც კი, თუ დეტალურად იქნება გათვლილი ყველაფერი და ადამიანები არ დაზარალდებიან. ერდოღანი ამას არასდროს გვაპატიებდა. მე მასთან ისეთ საკითხებს განვიხილავ დახურულ კარს მიღმა. ის ჩვენ გვეხმარება. მე არასდროს შევეჯახებოდი ამ კედელს. ამიტომ ვამბობ: ჩვენ არ ჩაგვიტარებია ეს ოპერაცია, ჩვენ ჩაგვითრიეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა სამხედრო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი ბურბა უკრაინული მედიისთვის ინფორმაციის მიწოდებაში დაადანაშაულა. ზელენსკიმ ვასილი ბურბას ავანტიურისტი და აფერისტი უწოდა და განაცხადა, რომ სამხედრო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი მის დისკრედიტაციას ცდილობდა.
შეგახსენებთ, 2020 წლის 29 ივლისს ბელარუსში დააკავეს ჯგუფ „ვაგნერის“ 33 მებრძოლი, რომლებიც მოგვიანებით რუსეთს გადასცეს. უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინული სპეცსამსახურები დონბასში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაში ეჭვმიტანილი, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლთა ჯგუფის წინააღმდეგ მასშტაბურ ოპერაციას ამზადებდნენ, თუმცა ის ჩაიშალა მას შემდეგ, რაც ძალოვანებმა მის შესახებ პრეზიდენტის ოფისს აცნობეს.
უკრაინული მედიასაშუალებების ცნობით, უკრაინის სპეცსამსახურების გეგმით, „ვაგნერის“ მებრძოლები ბელარუსში ავტობუსით უნდა ჩასულიყვნენ, საიდანაც თვითმფრინავით სტამბოლისკენ გაემგზავრებოდნენ. ოპერაციის ფარგლებში, თვითმფრინავში არსებული საფრთხის საბაბით თვითმფრინავი უკრაინაში უნდა დაესვათ, სადაც მებრძოლებს დააკავებდნენ.