ვლადიმირ ზელენსკი ელჩ ვადიმ პრისტაიკოს ნატო-სთან დაკავშირებულ განცხადებაზე - ჩვენ უნდა ვიაროთ გზაზე, რომელიც თავად ავირჩიეთ, ვნახავთ, სად მივა ეს გზა
უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას ნატო-ში გაწევრიანება სურს, მაგრამ რამდენიმე სახელმწიფო ამ საკითხთან დაკავშირებულ რისკებზე მიუთითებს.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რაც შეეხება ჩვენი ელჩის განცხადებას, კულებას პასუხი იყო ოფიციალური და არსებითი. ჩვენ ეს ყველაფერი სწორად გავიგეთ თუ არა? მის ნათქვამში გარკვეულ დეტალებს უნდა მიაქციოთ ყურადღება. დღეს ზოგიერთი ლიდერი ოდნავ მიანიშნებს უკრაინას, რომ კარგია, არ გარისკო და მუდმივად კითხვები არ წამოაყენო ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რადგან ეს რისკები რუსეთის ფედერაციის რეაქციასთან არის დაკავშირებული. მე მეჩვენება, რომ ამას უკვე არავინ მალავს და ჩვენც უნდა ვიყოთ გულწრფელები, ეს გადაწყვეტილება ჩვენზეა დამოკიდებული“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინელი ლიდერის თქმით, უკრაინამ უნდა იაროს იმ გზით, რომელიც თავად აირჩია.
„რჩება საკითხი გზის თაობაზე, როდემდე უნდა გაჰყვეს უკრაინა ამ გზას და ვინ დაგვიჭერს მხარს ამ გზაზე. ან იქნებ, ღია კარების საკითხი მართლაც ასეთი ოცნებაა ჩვენთვის და არავინ იცის, იქ როდის ვიქნებით. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა ვიაროთ ამ გზაზე, რომელიც თავად ავირჩიეთ. მთავარი ის არის, რომ ჩვენი ჯარი ძლიერია და სად მივა ეს გზა – ვნახავთ“, – დაამატა ზელენსკიმ.
უკრაინული მედიით გავრცელდა დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის, ვადიმ პრისტაიკოს განცხადება, რომ უკრაინას შეუძლია, ნატო-ში გაწევრიანებაზე უარი თქვას, თუ გარემოებები ამას აიძულებს. განცხადებაზე კომენტარი უკვე გაკეთდა უკრაინის საგარეო უწყებაში, სადაც აღნიშნეს, რომ ელჩის ეს განცხადება კონტექსტიდან არის ამოღებული.