ვლადიმერ პუტინმა მონღოლეთის პრეზიდენტი BRICS-ის სამიტზე მიიწვია, რომელიც 2024 წლის ოქტომბერში გაიმართება
ვლადიმერ პუტინმა მონღოლეთის პრეზიდენტი BRICS-ის სამიტზე მიიწვია, რომელიც 2024 წლის ოქტომბერში გაიმართება

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მონღოლეთის პრეზიდენტი უხნაგიინ ხურელსუხი BRICS-ის სამიტზე მიიწვია, რომელიც 2024 წლის ოქტომბერში ყაზანში გაიმართება.

„მსურს, მიგიწვიოთ რუსეთში, ყაზანში, სადაც წელს BRICS-ის სამიტი ჩატარდება. ეს იქნება პირველი ასეთი დონის ღონისძიება ამ ორგანიზაციის გაფართოების შემდეგ. იმედი მაქვს, რომ მიიღებთ მონაწილეობას BRICS+ ფორმატში. გელოდებით“, – განაცხადა პუტინმა მონღოლ კოლეგასთან მოლაპარაკებების დაწყებისას, რომელიც ულანბატორში იმართება.

ამასთან, პუტინმა უხნაგიინ ხურელსუხს რუსეთისა და მონღოლეთის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განხილვა შესთავაზა, განსაკუთრებით, ეკონომიკური კუთხით.

რუსეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მონღოლეთში იმყოფება. ვლადიმერ პუტინის ვიზიტი ორი დღე გაგრძელდება. რუსეთის პრეზიდენტის ბოლო ვიზიტი მონღოლეთში 2019 წელს შედგა.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 2023 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა, ეს არის რუსეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ქვეყანაში, რომელიც ამ სასამართლოს წევრია. მედიის ცნობით, მონღოლეთის ხელისუფლებამ პუტინი დაარწმუნა, რომ მას არ დააკავებდნენ.