ჯონ კირბი - მადლობელი დავრჩებით, თუ პუტინი შეერთებული შტატების არჩევნებზე არა მხოლოდ საუბარს, არამედ მასში ჩარევასაც შეწყვეტს
აშშ-ის ადმინისტრაცია რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, შეწყვიტოს 5 ნოემბრის არჩევნებზე კომენტარების გაკეთება.
ამის შესახებ ჟურნალისტებთან აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
„ბატონმა პუტინმა უნდა შეწყვიტოს ჩვენი არჩევნების შესახებ საუბარი. მან არავის უნდა მიანიჭოს უპირატესობა, არც ერთს და არც მეორე მხარეს. ერთადერთი, ვინც უნდა განსაზღვროს, თუ ვინ იქნება შეერთებული შტატების შემდეგი პრეზიდენტი, არის ამერიკელი ხალხი“, – განაცხადა ჯონ კირბიმ პრესკონფერენციაზე.
ჯონ კირბიმ ასევე დასძინა, რომ ამერიკული მხარე „მადლობელი დარჩება“, თუ პუტინი „ შეერთებული შტატების არჩევნებზე არა მხოლოდ საუბარს, არამედ მასში ჩარევასაც შეწყვეტს“.
ჯონ კირბის კომენტარი ვლადიმერ პუტინის მიერ 5 სექტემბერს აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ „ჩვენი ფავორიტი იყო ბაიდენი, ის მოხსნეს საარჩევნო რბოლიდან, თუმცა მან ყველა მხარდამჭერს ურჩია, მხარი დაუჭირონ ჰარისს. ჩვენც ასე გავაკეთებთ და მხარს მას დავუჭერთ“.