ვლადიმერ ტატიშვილი - მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ნდობა გამომიცხადა და ამირჩია აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა
დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც ნდობა გამომიცხადა, სადღაც მიხარია, მაგრამ სადღაც ცოტას ვნერვიულობ კიდეც, რადგან ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალარჩეულმა დირექტორმა, ვლადიმერ ტატიშვილმა განაცხადა.
„გეტვით ცოტა გულისტკენით, მიმძიმს ის ფაქტიც, რომ უნდა დავემშვიდობო საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელემაყურებელს, მსმენელს, რომელთანაც მრავალი წლების განმავლობაში, შეიძლება ითქვას, მეგობრობა ჩამოგვიყალიბდა. თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ისევ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან, მხოლოდ უკვე აჭარის ტელე და რადიო მაუწყებლიდან მივესალმები, არა როგორც წამყვანი, არამედ როგორც ხელმძღვანელი. დარწმუნებული ვარ, რომ იმ პროფესიონალთა გუნდთან, რომელიც მხვდება, გამოვნახავ საერთო ენას. თამამად და სიამაყით ვამბობ, რომ დღევანდელი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი გახდა გემოვნების და გამოცდილების ერთგვარი ეტალონი. აბსოლუტურად ყველაფერი, რაც აქამდე გამიკეთებია და რის გაკეთებასაც ვაპირებდი, ახლა უკვე გადაინაცვლებს აჭარის ტელე და რადიო სივრცეში“,- განაცხადა ვლადიმერ ტატიშვილმა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ვლადიმერ ტატიშვილი დღეს აირჩია. მრჩეველთა საბჭოს ხუთი წევრიდან ტატიშვილის კანდიდატურას სამმა დაუჭირა მხარი. ვლადიმერ ტატიშვილი მოვალეობის შესრულებას 22 ნოემბრიდან შეუდგება.