ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის თარიღს დღეს დაასახელებენ
ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის თარიღს და ადგილს დღეს დაასახელებენ. მანამდე კი დონალდ ტრამპა განაცხადა, რომ რუს კოლეგასთან შეხვედრა, ივლისში მისი ევროპაში ვიზიტის დროს გაიმართება. მედია რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების სამიტის ჩატარების სავარაუდო ადგილად ავსტრიას ან ფინეთს ასახელებს.
ამასთან, როგორც ბრიტანული The Times წერს, ლონდონში ტრამპისა და პუტინის მომავალი შეხვედრის შესაძლო შედეგების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. გამოცემის ცნობით, ბრიტანელი პოლიტიკოსები შიშობენ, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები “სამშვიდობო შეთანხმებას” გააფორმებენ, რაც “ნატოსა” და მის მოკავშირე ქვეყნებზე უარყოფითად აისახება.
“ბრიტანელი მინისტრები მიიჩნევენ, რომ თუ სამიტზე ტრამპს დაარწმუნებენ, რომ აშშ-მა ევროპის სამხედრო დახმარება უნდა შეამციროს, ეს რუსეთიდან მომავალი აგრესიის ფონზე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოთა თავდაცვისუნარიანობას შეამცირებს და ნატო-ში კრიზისს გამოიწვევს“, – წერს The Times-ი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მოსკოვში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პუტინისა და ტრამპის შეხვედრის თარიღს და ადგილს ვაშინგტონსა და მოსკოვში დღეს ერთდროულად დაასახელებენ.
როგორც აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა დაადასტურა, ტრამპისა და პუტინის შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხები უკრაინის კრიზისი და სირია იქნება. მაიკ პენსის თქმით, მხარეები ასევე შეეხებიან რუსეთის აშშ-ის არჩევნებში ჩარევის საკითხზე მიმდინარე გამოძიების თემასაც.