ვლადიმერ პუტინი - ღმერთის წყალობით, სერგეი სკრიპალი გამოჯანმრთელდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ რუსეთის სახელმწიფო დაზვერვის სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი, სერგეი სკრიპალი ჯანმრთელი და უვნებელი იქნება. ამის შესახებ პუტინმა გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ღმერთის წყალობით, ის გამოჯანმრთელდა, გამოეწერა საავადმყოფოდან, ვიმედოვნებ, რომ ის იქნება ჯანმრთელი, ცოცხალი და უვნებელი“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ვლადიმერ პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამოძიებაში დასახმარებლად მზადაა, თუმცა ლონდონიდან პასუხი ამ დრომდე არ არის.
სერგეი სკრიპალმა დღეს დატოვა სოლსბერის საავადმყოფო, სადაც ის ორ თვეზე მეტ ხანს იმყოფებოდა. რუსეთის სახელმწიფო დაზვერვის სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი და მისი შვილი ინგლსისი ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს მოწამლეს. დიდმა ბრიტანეთმა სკრიპალების მოწამვლაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.