ვლადიმერ კონსტანტინიდი - რუსეთისთვის ხმის უფლების დაბრუნების საკითხზე არაერთხელ დავაფიქსირეთ პრინციპული პოზიცია
ვლადიმერ კონსტანტინიდი - რუსეთისთვის ხმის უფლების დაბრუნების საკითხზე არაერთხელ დავაფიქსირეთ პრინციპული პოზიცია

ევროსაბჭოს ეს ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა რუსეთისთვის ხმის უფლების დაბრუნების საკითხზე დასმულ კითხვაზე განაცხადა.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა. კანდელაკის თქმით, უწყებისგან აინტერესებს, რატომ არ გაკეთდა განცხადება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთისთვის ხმის მიცემის უფლების დაბრუნებასთან დაკავშირებით.

ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყებამ არაერთხელ დააფიქსირა პრინციპული პოზიცია.

„კერძოდ, ჯერ კიდევ 17 მაისს, როცა მინისტერიალი გაიმართა ევროსაბჭოში და მინისტრმა დააფიქსირა პოზიცია რუსეთისთვის სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით. მანვე ამ განცხადებაში აღნიშნა, რომ საერთაშორიო ორგანიზაციები უნდა იყვნენ პრინციპების ერთგულნი და მოუწოდა ევროსაბჭოს წევრებს, ზემოქმედება მოეხდინათ მის ერთ-ერთ წევრზე, რუსეთის ფედერაციაზე, რათა ამ უკანასკნელმა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. აგრეთვე, საპარლამენტო დონეზე დაისვა ეს საკითხი და ჩვენმა დელეგაციამ დააფიქსირა პოზიცია, რომელიც სრულად თანხვედრაშია აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოსთან და გამოხატავს ქართული მხარის პოზიციას. იცით, რომ მიღებულ იქნა ერთობლივი დეკლარაცია, რომელსაც ქართული მხარე შეუერთდა. ასევე, ჩვენი მუდმივი წარმომადგენელი სტრასბურგში მუდმივად აყენებს ამ საკითხს სხვადასხვა დონის შეხვედრებზე“, – აღნიშნა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

მისივე თქმით, ყველა ზემოაღნიშნულ საკითხზე გასულ კვირას საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა დეტალური განმარტება და საჯაროდ დააფიქსირა პრინციპული პოზიცია.

„უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევროსაბჭოს ეს ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და გამოვყოფდი რამდენიმე ფაქტორს: საქართველო ნოემბერში ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება; წელიწადში ორჯერ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშში ასახვას ჰპოვებს ის საკითხები, რომლებიც ეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს. ასევე, 2014 წლიდან მოყოლებული დღემდე, ეს ყოველწლიურად ჰპოვებს ასახვას იმ გადაწყვეტილებებში, რომელიც საქართველოს მხარდასაჭერად მიიღება. გასათვალისწინებელია, რომ აქ არის ორი ძირითადი მიმართულება: ერთი ფორმატი გახლავთ აღმასრულებელი, მეორე საკანონმდებლო. ამ ორივე მხარეს ჰქონდათ თანმხვედრი პოზიციები“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.