ვლადიმერ კონსტანტინიდი - ქართული მხარე მოწადინებულია, პროცესი წარიმართოს აზერბაიჯანთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის სულისკვეთებით
ქართული მხარე მაქსიმალურად მოწადინებულია, პროცესი წარიმართოს აზერბაიჯანთან, როგორც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის სულისკვეთებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.
„ბაქოში 23-24 მაისს გაიმართება სადელიმიტაციო კომისიის სხდომა. ამას წინ უძღოდა ჩვენი მინისტრის მოადგილის წინასწარი სამუშაო ვიზიტი, სადაც შეთანხმდნენ სხდომის დეტალებზე. ალბათ უფრო მეტი გვეცოდინება კომისიის სხდომის მიმდინარეობისას, როგორ წარიმართება, რა შედეგებით დასრულდება. მინდა, გითხრათ, რომ ქართული მხარე მაქსიმალურად მოწადინებულია, რომ აღნიშნული ჩატარდეს აზერბაიჯანთან, ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის სულისკვეთებით“, – აღნიშნავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი.
მისი თქმით, სხდომას სპეციფიკური დღის წესრიგი აქვს. საქართველოს პირველი არხის კითხვაზე, რა კონტექსტში დააყენებს ქართული მხარე საკითხს დავით გარეჯში განვითარებული ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა, რომ წინასწარ გაუჭირდება რამის თქმა.
„კომისიის სხდომა იქნება ეს თუ დინამიური პროცესი, განიხილება ძალიან ბევრი დეტალი, მნიშვნელოვანი საკითხები. ეს არის პირველი სხდომა. მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც გარკვეული პაუზა იყო, ახლა უკვე თანათავმჯდომარეები ჰყავს კომისიას. ჩვენს მხარეს ეს არის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, აზერბაიჯანულ მხარეს პრეზიდენტის წარმომადგენელი. დანარჩენ დეტალებზე მოგახსენებთ მიმდინარე რეჟიმში. ყველა პირობა და დეტალი გაჟღერდება კომისიაზე, რომელსაც სპეციფიკური დღის წესრიგი აქვს. დაველოდოთ მოვლენებს. ამის შემდეგ უფრო შეგვეძლება, რომ კონკრეტული ინფორმაცია მოგაწოდოთ“, – აღნიშნა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
საქართველოს პირველ არხს დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის მორიგი სხდომა 23-24 მაისს ბაქოში გაიმართება.