ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ დილით კიევზე დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად, ნანგრევებში ორი ადამიანია მოყოლილი
უკრაინის დედაქალაქის მერ ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დღეს, დილით კიევზე დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად, ნანგრევებში ორი ადამიანია მოყოლილი. მისივე ცნობით, მაშველებმა 18 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
„კამიკაძე დრონების შეტევის შედეგად აფეთქება მოხდა საცხოვრებელ სახლში შევჩენკოს რაიონში. ამ ეტაპზე გადარჩენილია 18 ადამიანი. წინასწარი ცნობით, ორი ადამიანი ნანგრევებში რჩება. მაშველები მუშაობას აგრძელებენ“, – განაცხადა კლიჩკომ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, დილით კიევზე კამიკაძე დრონებით შეტევა განხორციელდა. როგორც უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, სამიზნე კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი იყო. დრონების ნაწილი უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს.
ამჟამად კიევის ქუჩების ნაწილი გადაკეტილია. ქალაქის მერი მოუწოდებს მოქალაქეებს, განგაშის სიგნალის ჩართვისთანავე თავშესაფრებში ჩავიდნენ.