უკრაინული მედია - რუსეთმა კიევზე შეტევა კამიკაძე დრონებით მიიტანა, აფეთქებების ხმა კვლავაც ისმის
უკრაინული მედია - რუსეთმა კიევზე შეტევა კამიკაძე დრონებით მიიტანა, აფეთქებების ხმა კვლავაც ისმის

რუსეთმა კიევზე შეტევა კამიკაძე დრონებით მიიტანა, აფეთქებების ხმა კვლავაც ისმის, – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. მედიის ცნობით, აფეთქებების ხმა კიევში ცოტა ხნის წინ კვლავაც გაისმა. ქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო მოსახლოებას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

უკრაინის დედაქალაქის მერის ინფორმაციით, გამთენიისას კიევის ცენტრზე იერიში კამიკაძე დრონებით განხორციელდა. გავრცელებული ცნობით, აფეთქებები შევჩენკოს რაიონში მოხდა. შედეგად ერთ-ერთ შენობაში გაჩნდა ხანძარი. ადგილზე მობილიზებულები არიან საგანგებო სიტუაციების სამსახურები.

სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კამიკაძე დრონები შენიშნეს კიევის ოლქის სხვადასხვა დასახლებაში. მათი ნაწილი უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს. უპილოტო საფრენი აპარატები შეამჩნიეს ჩერკასკის ოლქშიც.

თვითმხილველების ცნობით, ასევე აფეთქებების ხმა ისმის ოდესაში. მანამდე ქალაქში საჰაერო იერიშის განგაშის სიგნალი ისმოდა.

პარალელურად, უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა სარაკეტო იერიშები განახორციელა დნეპროპეტროვსკის, სუმის და ზაპოროჟიეს ოლქებზე, სადაც დაზიანდა კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა. შედეგად ამ ოლქებში ელექტრომომარაგებაში პრობლემებია.