ვიქტორ დოლიძე - საქართველოს საბოლოო მიზანს წარმოადგენს ნატო-ში სრულფასოვანი წევრობა, რომელი მექანიზმით იქნება ეს საბოლოოდ განპირობებული, მაპ-ით თუ მაპ-ის გარეშე, ამას ალბათ ნაკლები მნიშვნელობა აქვს
ვიქტორ დოლიძე - საქართველოს საბოლოო მიზანს წარმოადგენს ნატო-ში სრულფასოვანი წევრობა, რომელი მექანიზმით იქნება ეს საბოლოოდ განპირობებული, მაპ-ით თუ მაპ-ის გარეშე, ამას ალბათ ნაკლები მნიშვნელობა აქვს

ზოგადად, ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამიტი, გამომდინარე დღევანდელი როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო კონიუნქტურიდან რეგიონში, – ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ ვილნიუსში განაცხადა.

„ჩვენი ძალისხმევის შედეგად, საბოლოო პოლიტიკურ განცხადებაში, იქნება ეს დეკლარაცია თუ კომუნიკე, ზედმიწევნით იქნება ასახული სწორად და ოპტიმისტურად ჩვენი მომავალი გეგმები, ჩვენი სწრაფვა ალიანსისკენ. ის, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას დაუბრუნდება ნატო და საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, იქნება ასახული ჯეროვნად. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია პრაქტიკული ელემენტები, მათ შორის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, ჩვენი თავსებადობის გაძლიერება ალიანსთან და, რაც მთავარია, ალიანსში გაწევრიანების თვალსაზრისით უფრო მეტი ნაბიჯის გადადგმა ვილნიუსის სამიტზე.

ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ უმნიშვნელოვანესია ჩვენი ნომერ პირველი პრობლემა, რომელიც ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს შეეხება. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთთან მიმართებაში ჯეროვნად იქნება ასახული ის, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორია. სამხედრო ძალებს ვგულისხმობ, მილიტარიზაცია უნდა შეაჩეროს და ამავე დროს უკან წაიღოს გადაწყვეტილება აღიარების შესახებ.

გარდა ამისა, იმედი მაქვს, რომ ჯეროვნად აისახება საქართველოს კონტრიბუცია ნატო-ს ოპერაციებში, ჩვენი ძალისხმევა და მონაწილეობა საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ოპერაციების თვალსაზრისით, და ალბათ ორი სიტყვით იქნება გატარებული რეფორმებისა და, ზოგადად, დემოკრატიული რეფორმირების შესახებ აღნიშნული დეკლარაციაში“, – განაცხადა დოლიძემ.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, საქართველოს საბოლოო მიზანს წარმოადგენს ნატო-ს სრულფასოვანი წევრობა.

„თუ რომელი მექანიზმით იქნება ეს საბოლოოდ განპირობებული, მაპ-ის გარეშე თუ მაპ-თან ერთად, ამას ალბათ ნაკლები მნიშვნელობა აქვს. ამას ალბათ დრო და გარემოებები განაპირობებს. თუმცა, უკრაინას რაც შეეხება, ეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე და დატვირთვას იძენს დღეს კონიუნქტურის გამო. აქედან გამომდინარე, ჯერ თვითონ დეკლარაციაში რა აისახება, ამ წუთას არ არის ცნობილი. თუმცა, ამას მხოლოდ და მხოლოდ დადებითად ვუყურებ, მათ შორის თუნდაც ფინეთისა და შვედეთის გამოცდილების თვალსაზრისით“, – აღნიშნა დოლიძემ.