ვიქტორ დოლიძე - დიდი იმედი გვაქვს, აუცილებლად იქნება პოლიტიკური მხარდაჭერაც, რომელიც დარჩა ერთადერთ ელემენტად ნატო-ში მომავალი წევრობის თვალსაზრისით, მაგრამ ამას დრო სჭირდება
ვიქტორ დოლიძე - დიდი იმედი გვაქვს, აუცილებლად იქნება პოლიტიკური მხარდაჭერაც, რომელიც დარჩა ერთადერთ ელემენტად ნატო-ში მომავალი წევრობის თვალსაზრისით, მაგრამ ამას დრო სჭირდება

დიდი იმედი გვაქვს, რომ პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელიც ერთადერთი ელემენტი დარჩა ნატო-ში ჩვენი მომავალი წევრობის თვალსაზრისით, აუცილებლად იქნება, მაგრამ ამას გარკვეული დრო სჭირდება, – ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა, სადაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მონაწილეობით დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება.

დოლიძის თქმით, მომავალი წლის მნიშვნელოვანი სამიტის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ნატო-ში ძალიან დროული და აუცილებელი იყო.

„საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. შეხვედრა გაიმართა ელჩებთან როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ ვითარებაში, ყველგან იყო ერთი და იგივე გზავნილი, რომ საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ევროპისთვის საქართველოს მზაობა არის ნათელი და მკაფიო როგორც პოლიტიკური, ასევე სექტორული და რეფორმების თვალსაზრისით. დიდი იმედი გვაქვს, რომ პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელიც ერთადერთი ელემენტი დარჩა ნატო-ში ჩვენი მომავალი წევრობის თვალსაზრისით, აუცილებლად იქნება, მაგრამ ამას გარკვეული დრო სჭირდება. მომავალ წელს არის მნიშვნელოვანი სამიტი, რაზეც მკაფიო და სწორ მესიჯებს ვიღებთ, რომ იქ საქართველო უნდა იყოს წარმოდგენილი შესაბამის დონეზე. მათ შორის ერთად უნდა ვიფიქროთ, თუ რა ნაბიჯები შეიძლება, გადაიდგას წინ პოლიტიკური და პრაქტიკული თვალსაზრისით ამ მიმართულებით. ამიტომ ვფიქრობ, რომ ნატო-ში ძალიან დროული და აუცილებელი ვიზიტი იყო პარლამენტის თავმჯდომარის“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.