ვიქტორ დოლიძე - ბრიუსელში საქართველოს ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი მეტყველებს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტებზე
ვიქტორ დოლიძე - ბრიუსელში საქართველოს ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი მეტყველებს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტებზე

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის საქართველოს ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი ბრიუსელში, რაც თავისთავად მეტყველებს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტებზე, მათ შორის, ნატო-ში ვიზიტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.

დოლიძის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლებთან შეხვედრა არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ ორმხრივი შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, არამედ იქნება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ფარგლებში.

„ელჩებთან ერთად გვექნება საშუალება, განვიხილოთ ყველა მტკივნეული საკითხი, მნიშვნელოვანი აქცენტები გავაკეთოთ ჩვენს მომავალ ინტეგრაციულ პროცესზე ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი წევრობის თვალსაზრისით. წლევანდელი წელი ასევე გამოირჩევა იმით, რომ იქნება საიუბილეო სამიტი, 75 წლის იუბილეს აღვნიშნავთ ვაშინგტონში ალიანსის დაარსებიდან, ამიტომ როგორც პოლიტიკური, ასევე პრაგმატული საკითხების განხილვა საქართველოსთან მიმართებაში დღის წესრიგში იდგა, ახლაც დგას და მომავალშიც, კიდევ უფრო მეტი, იმედი გვაქვს, სიმძაფრით დადგება, რაც, საბოლოო ჯამში, აისახება ჩვენს უმთავრეს მიზანში, რასაც ნატო-ში ინტეგრაცია ჰქვია“, – განაცხადა დოლიძემ.