ვიქტორ დოლიძე - ნატო-ს მადრიდის სამიტზე საქართველო პრემიერის დონეზე იქნება წარმოდგენილი
ნატო-ს მადრიდის სამიტზე პრემიერის დონეზე ვიქნებით წარმოდგენილი, – ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საბოლოო პროექტი ჯერ წარმოდგენილი არ არის, მაგრამ დღეს ან ხვალ უკვე საბოლოოდ გადაწყდება.
„დაზუსტებით რაც შემიძლია გითხრათ, ჩვენ უმაღლეს დონეზე, პრემიერის დონეზე ვიქნებით წარმოდგენილი და ვიქნებით პარტნიორებთან, ასპირანტ ქვეყნებთან ერთად. ისეთ ქვეყნებთან, როგორიც არის ფინეთი, შვედეთი, ასევე აზია-წყნარი ოკეანის ოთხეულთან ერთად, სადაც უკვე გლობალური უსაფრთხოების საკითხზე ვიმსჯელებთ, რაც არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
ამასთან, ვიქტორ დოლიძემ კომენტარი გააკეთა ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული შეხვედრა, რომელიც ამგვარ მაღალ დონეზე იმართება.
„რა თქმა უნდა, უკრაინაში მიმდინარე უკრაინის ფონზე, მათ შორის საქართველოსთვის, ეს არის ერთგვარი გადამწყვეტი ეტაპი ბევრი მიმართულებით. ეს იქნება ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, პოლიტიკური მხარდაჭერა ღია კარის პოლიტიკისადმი და ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, თუ ნებისმიერი სხვა პოლიტიკური წონის საკითხები. აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები. ერთი უკვე ჩატარდა, პოლიტიკური და სამხედრო სფეროში თანამშრომლობის კომიტეტი, NGC-ის ფორმატი, სადაც წარდგნენ პირველი მოადგილეები თავდაცვიდან და საგარეო უწყებებიდან, ისაუბრეს იმ პრობლემატიკაზე, რომელიც შეეხება პირველ რიგში უკრაინას, ასევე საქართველოს, მის პრობლემებს, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.