ვიოლა ფონ კრამონი - შეშფოთებული ვარ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნაჩქარევი დანიშვნის გამო, „კლანური“ სისტემა სასამართლოში ძირს უთხრის კანონის უზენაესობას
„კლანური“ სისტემა სასამართლოში ძირს უთხრის კანონის უზენაესობას, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში წერს.
„ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნაჩქარევი დანიშვნის გამო. როგორც 19 აპრილის შეთანხმება ამბობს, ამბიციური სასამართლო რეფორმა გადამწყვეტია და მიბმულია ევროკავშირის მიკროსაფინანსო დახმარებასთან. ვენეციის კომისიის უგულებელყოფა ბრძნული გადაწყვეტილება არ არის. „კლანური“ სისტემა სასამართლოში ძირს უთხრის კანონის უზენაესობას!“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერში“.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე უზენაეს სასამართლოში დასანიშნ ცხრაკაციან სიას უყარეს კენჭი, რომლებზეც საბოლოო გადაწყვეტილება ახლა საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს. კანონმდებლობის მიხედვით, სია წარედგინება პარლამენტს და სწორედ პარლამენტში გაიმართება ამ კანდიდატებთან გასაუბრებები.